ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატი

მარგველაშვილი: რუსეთისთვის საქართველოს სახელმწიფო პრობლემა არ არის

მმართველი გუნდის საპრეზიდენტო კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების მცდელობებმა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო და საქართველოს მთავრობა ცდილობს, რუსეთთან ნდობა გარკვეულწილად აღიდგინოს, თუმცა ეს არ ნიშნავს ქვეყნის სტრატეგიის შეცვლას. საქართველოსა და რუსეთის ურთიერთობის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში, გადაცემა ღია ეთერში ისაუბრა:

"რუსეთთან ურთიერთობის დალაგება დაიწყო და მეტიც, შედეგები გვაქვს. შედეგია ის, რაც არის ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი. ესაა რუსეთის ბაზრის გახსნა. ეს მხოლოდ დასაწყისია და გარკვეული ნდობის აღდგენის მცდელობაა. ამ მომენტში ჩვენს შორის ხდება ის, რომ საქართველოს აქვს ორი შეხების წერტილი რუსებთან - ზურაბ აბაშიძის მისია რუსეთთან და მისი ფორმატი, რომელსაც ის უაღრესად წარმატებულად უძღვება და ჟენევის ფორმატი. ორივე მიმართულებით ჩვენ გადავდგით ძალიან ქმედითი ნაბიჯები. მაგრამ არა მხოლოდ ისაა მნიშვნელოვანი, რომ გაიხსნა ფაქტიურად ამდენი წლის დახურული რუსული ბაზარი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქართული პროდუქციისთვის. მნიშვნელოვანია ის, რომ რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ფონზე არ გვაქვს არანაირი უკანდახევა დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში. კლიშე, რომელშიც მუშაობა ნაციონალური მოძრაობა ცხრა წლის განმავლობაში, იყო ასეთი: შენ დასავლეთს უნდიხარ იმდენად, რამდენადაც შენ რუსეთისთვის პრობლემა ხარ. ეს იყო ის, რასაც ცხრა წლის განმავლობაში გვარწმუნებდნენ, რომ თურმე ქართველი, ჩვეულებრივად, დასავლეთს არ უნდა, ევროპა არ არის დაინტერესებული საქართველოთი. თურმე ევროპას საქართველო მარტო მაშინ უნდა, თუ ქართველი რუსეთს პრობლემას უქმნის. ეს იყო მტკნარი ტყუილი. ეს გამოჩნდა ახლაც, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროპას და ამერიკას ისედაც აინტერესებს საქართველო", - ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი.

ამასთან, მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დღეისთვის რუსეთისთვის საქართველოს სახელმწიფო პრობლემა არ არის:

"რუსეთისთვის პრობლემა არ არის საქართველოს სახელმწიფო. რუსეთისთვის რეალურად საგარეო პრობლემა არის ის, რაც რუსეთმა გააკეთა საქართველოში 2008 წელს. ეს მათ აყენებთ უაღრესად უხერხულ მდგომარეობაში იმ მაღალ ფორუმებზე, სადაც რუსეთი საუბრობს თავის სახელმწიფო ინტერესებზე, როგორც თანამედროვე ცივილიზებული სახელმწიფო. ამ კონტექსტში, ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს თანამშრომლობას ევროპასთან და იცით, რომ ახლა ვილნიუსის სამიტზე უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტებს მოეწერება ხელი. ეს არის კონტექსტი".

ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა რუსეთისთვის პრობლემა საქართველოს სწრაფვა დასავლეთისკენ, რასაც დმიტრი მედვედევი ღიად ამბობს რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, მარგველაშვილი პასუხობს, რომ ის შეკითხვის სწორი ადრესატი არ არის:

 "რუსეთის სახელმწიფოსთვის რა არის პრობლემა - ეს სხვა თემაა. ეგ არ არის კითხვა ჩემთან, ეგ არის კითხვა პუტინთან - პრობლემაა თუ არა პუტინისთვის ის, რა გზაც არჩეული აქვს საქართველოს. მაგრამ ჩვენ თვითონ რუსეთს პრობლემას არ ვუქმნით.

2008 წლის ომი თავისთავად ისეთი ომი იყო, რომლის მსგავსი მსოფლიო ისტორიაში ცოტაა. ძნელია მოძებნო ომი, რომლის შედეგად არცერთი მოგებული მხარე არ არსებობს. ყველა მონაწილე მხარე წაგებულია. ამ ვითარებაში, რა კონკრეტული განცხადებები ისმის, ეს ერთია. ჩვენ ვლაპარაკობთ ისტორიულ არჩევანზე და ისტორიულ მიმართულებაზე. საქართველოს სწრაფვა ევროპისაკენ - ეს არის ფაქტი, რომელსაც ჩვენ ვაღრმავებთ. მე ვარ საქართველოს და არა რუსეთის პრეზიდენტობის კანდიდატი. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა იცის, რა არის სტრატეგიული არჩევანი ჩვენი ქვეყნის და ეს არის სწრაფვა ევროკავშირისკენ და NATO-სკენ. მეორე მხრივ, რუსეთის ინტერესები როგორ დალაგდება ერთ წელიწადში, როგორ დალაგდება შემდეგ, რა ფორმით იქნება და რამდენად სერიოზული იქნება ეს პრობლემა, რა ფორუმებზე მოხდება ამის განხილვა - ეს სხვა თემაა. ჩემთვის ნათლადაა განსაზღვრული ის გზა, რომლისკენაც მივდივართ. თუ გინდათ ისევ მედვედევს დავუბრუნდეთ, მედვედევიც ამბობს, რომ საქართველო თავისუფალია თავის არჩევანში.

ამიტომაც ჩვენ ვცდილობთ, რომ უფრო გავაძლიეროთ რუსეთთან ურთიერთობა ეკონომიკური მიმართულებით, ვცდილობთ, რუსეთთან გარკვეულწილად რაღაც ნდობის ელემენტი აღდგეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს ჩვენი სტრატეგიის შეცვლას", - მიაჩნია მარგველაშვილს.

კომენტარები