არჩილ კბილაშვილი რუსეთში

მაია ფანჯიკიძე: არჩილ კბილაშვილი არ იყო რუსეთის სტუმარი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი არ იყო რუსეთის და მოსკოვის სტუმარი. როგორც ფანჯიკიძემ გადაცემა პოზიციაში თქვა, არჩილ კბილაშვილი კონფერენციაზე იყო. 

"მე ამის შესახებ ინფორმირებული ვიყავი. მთავარი პროკურორი არის დამოუკიდებელი, მაგრამ არის ერთი ხელისუფლება და ერთი გუნდი. რუსეთი კი, არ არის ჩვეულებრივი ქვეყანა, სადაც მთავრობის წევრი შეიძლება წახვიდე-წამოხვიდე ისე, რომ ამან არ გამოიწვიოს შეკითხვები. არჩილ კბილაშვილი არ იყო რუსეთის სტუმარი, არ იყო მოსკოვის სტუმარი, ის იყო საერთაშორისო კონფერენციის სტუმარი. საერთაშორისო კონფერენციებს, რომელიც ტარდება რუსეთში, არ გამოუცხადო ბოიკოტი - ესეც ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ჩვენი მხრიდან", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. მისივე თქმით, ვერაფერს იტყვის იმის შესახებ, თუ რატომ გახდა ცნობილი ეს ინფორმაცია საზოგადოებისთვის გვიან.

"ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მე მგონია, რომ ეს მანამდეც იყო ცნობილი. ყოველ შემთხვევაში მე ინფორმირებული ვიყავი არა მხოლოდ როგორც მინისტრი, არამედ ისეც", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა მოსკოვში მონაწილეობა მიიღო პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის მე-18 ყოველწლიურ კონფერენციაში, რომელიც 8-12 სექტემბერს გაიმართა. ღონისძიებას მოსკოვში 100-მდე ქვეყნის მთავარი პროკურორი, პროკურორების მოადგილეები და პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის წევრები ესწრებდნენ - სულ 800-მდე პირი. ღონისძიებას უნდა დასწრებოდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, თუმცა, გაურკვეველი მიზეზით, ეს არ მოხდა. კონფერენციას რუსეთის სახელით უმასპინძლა რუსეთის გენერალურმა პროკურორმა იური ჩაიკამ.

კომენტარები