მიხეილ სააკაშვილი

პრეზიდენტი: თვითმფრინავზე, რომელიც მთავრობამ გადაიბარა, წარწერა სოხუმი გაქრა

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, თვითმფრინავზე, რომლითაც იგი ოფიციალური ვიზიტების დროს სარგებლობდა და რომელიც მთავრობას გადასცა, წარწერა "სოხუმი" გაქრა. პრეზიდენტის აზრით,  ამას პოლიტიკური დატვირთვა აქვს.

"ეს თვითმფრინავი, რომელზეც ერთი ამბავი იყო ატეხილი, მთავრობამ გადაიბარა. მე ამაზე პრეტენზია არ მაქვს, იფრინონ ამ თვითმფრინავით. მაგრამ ამას ჰქონდა დიდი წარწერა - "სოხუმი". როდესაც პრემიერი ჩაჯდა, ეს სიტყვა  გაქრა. ეს არის ოფიციალური ბორტი, ეს არის სახელმწიფო სიმბოლიკა. სახელმწიფო სიმბოლიკას აქვს დიდი დატვირთვა, როდესაც იქ გხვდებიან, გიღებენ, აჩვენებენ ტელევიზიებში. ამის დაწერას აქვს სიმბოლიკა და ამის გაქრობასაც აქვს სიმბოლიკა. მე არამგონია, რომ ეს შემთხვევითობაა. დასაფიქრებელია, როცა ცდილობენ ყველაფრის წაშლას, ასეთი რაღაცების კეთებას აქვს პოლიტიკური დატვირთვა და არამგონია, რომ ეს იყოს დადებითი. სახელმწიფო სიმბოლოებს აქვს დატვირთვა, მიუხედავად იმისა, ვინ რას უნდა ფიქრობდეს," – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ნიუ-იორკში გამგზავრებამდე. მან ასევე მოუწოდა პრემიერ ბიძინა ივანიშვილს და თავდაცვის სამინისტროს - სამხედრო ქალაქის მშენებლობა დაასრულონ. პრეზიდენტის თქმით, რამდენიმე ასეულ ოჯახს ბინები უკვე გადაეცა, თუმცა საუბარია რამდენიმე ათასზე. 

"პრაქტიკულად შეჩერებულია სამუშაოები, ვისაც თვალები აქვს, თუ თვალებს დავუჯერებთ, ჩვენ ავაშენეთ. რამდენიმე თვის წინ მთავრობის განკარგულებით, მშენებლობა მთლიანად გაჩერდა. მინდა მოვუწოდო პრემიერს და თავდაცვის სამინისტროს, განაახლოს და დაამთავროს ის, რასაც ჩვენ წლების განმავლობაში ვაშენებდით და გადასცეს მათ, ვისაც ეს ეკუთვნის," – აღნიშნა სააკაშვილმა.

 

კომენტარები