რელიგიათა საბჭო

რელიგიათა საბჭო მშვიდობის დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს

ombudsman.ge

სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მიმართვას ავრცელებს. საბჭოს განცხადებით, მშვიდობიანი თანაცხოვრების თემა ჯერ კიდევ მწვავე და აქტუალურია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც.

"ჩვენთვის, როგორც რელიგიური გაერთიანებებისთვის ადამიანებს შორის სიყვარულსა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების კულტურის გაღვივება უმთავრესი მოვალეობაა. დღეს, თანამედროვე მსოფლიოსათვის ცხადია, რომ მშვიდობის დამყარება მჭიდრო კავშირშია ადამიანის უფლებების, მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის თემასთან. მშვიდობის შემოქმედნი სწორედ ის ადამიანები იყვენენ და არიან, რომლებსაც კარგად აქვთ გათავისებული სხვისი, განსხვავებულის, უცხოს პატივისცემის აუცილებლობა, კარგად აქვთ გათავისებული ყველა რელიგიისთვის საერთო ოქროს წესი, საერთო მორალური კანონი: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ გექცეოდნენ.
დღევანდელ, ომებითა და სისხლისღვრით აფორიაქებულ მსოფლიოში, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რელიგიებმა, ამა თუ იმ კონფესიების წარმომადგენლებმა და ზოგადად კეთილი ნების ადამიანებმა, არამხოლოდ ღიად, საჯაროდ ვისაუბროთ მშვიდობის, ხიდების მშენებლობის აუცილებლობაზე, ნებისმიერი განსხვავების მიუხედავად ადამინის ღირსების დაფასებაზე და მისი უფლებების უპირობო პატივისცემაზე, არამედ ჩვენ თავად აქტიურად ჩავებათ მშვიდობის მშენებლობის პროცესში, ყველგან ჩვენი ცხოვრების თითოეულ შესაძლო უბანზე.
სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, თავის ხმას უერთებს მშვიდობის დაცვის საერთაშორისო დღეს და კიდევ ერთხელ მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქტიურ ცხოვრებისეულ პოზიციად აქციოს მთავარი მორალური კანონი: მოექეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ გექცეოდნენ" - ნათქვამია განცხადებაში.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 სექტემბერი მშვიდობის დაცვის საერთაშორისო დღედ 1981 წელს გამოაცხადა. 

კომენტარები