თომას ჰამარბერგი

ჰამარბერგი: გამოძიების პოლიტიზება დაუშვებელია

www.radiotavisupleba.ge

კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა დღეს საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საკუთარი ორმოცგვერდიანი ანგარიში წარადგინა.

ჰამარბერგის განცხადებთ, დოკუმენტში, სხვა ფაქტებთან ერთად, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით ნაციონალური მოძრაობის წევრთა განცხადებებიც და მათ მიერ მოპოვებული ფაქტებიც მოხვდა. "საარჩევნო კამპანიას თვალყურს ნაკლებად ვადევნებ, თუმცა, ანგარიშში ამ თემას გარკვეული დრო ეთმობა და საუბარია იმაზე, რომ გარკვეულ დაშინებებს ჰქონდა ადგილი, როცა კანდიდატებს ხელი ეშლებოდათ კამპანიის ჩატარებაში. დაფიქსირებულია ისიც, რომ დაკავებებს ჰქონდა ადგილი და"ნაციონალური მოძრაობა ჩივის, რომ არ ეძლევათ საშუალება, ჩაატარონ საარჩევნო კამპანია. ისინი ამბობენ, რომ ასლარიანი სასჯელი არ არის საკმარისი, რათა მოხდეს ასეთი ღონისძიებების პრევენცია. მე მაქვს რეკომენდაცია და მიმაჩნია, რომ აუცილებელია ეს პრობლემა სერიოზულად იყოს განხილული", - განაცხადა თომას ჰამარბერგმა.

მისივე შეფასებით, ასეთი ატმოსფერო არ შეიძლება იყოს დასაშვები და განსაკუთრებით საარჩევნო პერიოდში აზრის გამოხატვის თავისუფლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. "ეს პრობლემა ნახსენებია ჩვენს მოხსენებაში და ვფიქრობ, იქნება დაცული თითოეული კანდიდატის უფლება, აწარმოოს საარჩევნო კამპანია", - დასძინა ჰამარბერგმა.

ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა განაცხადა, რომ თავის მოხსენებაში საქართველოს ხელისუფლებას ორი გზავნილით მიმართავს. "ერთი გახლავთ ის, რომ შევცვალოთ ახლო წარსული და ეს გავაკეთოთ ადამიანის უფლებების სრული დაცვით. ათასობით საჩივარია შესული როგორც პროკურატურაში, ისე ომბუდსმენის ოფისში. თითოეული ეს საჩივარი მოითხოვს დეტალურ შესწავლას. ისინი, ვინც ჩივიან, შესაძლოა საკუთარ განცხადებას ფაქტებით ვერ ამყარებდნენ, მაგრამ აუცილებელია თითოეულ მათგანს გაეცეს პასუხი. ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ გამოძიება არ იყოს პოლიტიზებული. ამასთან დაკავშირებით არსებობს შეკითხვები არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთაც და მნიშვნელოვანია, ეს თავიდან ავიცილოთ და არ მოხდეს ამ პროცესის პოლიტიზება. ესაა პირველი ცალსახა გზავნილი ჩემი მხრიდან", - განაცხადა ჰამარბერგმა.

მისივე შეფასებით, გამოძიება სამართლიანობის პრინციპზე უნდა იყოს დაფუძნებული. "აქედან გამომდინარე, ნებისმიერი განცხადება, რომელმაც შეიძლება უდანაშაულობის პრეზუმფცია დაარღვიოს, არ არის მისაღები. არავინაა დამნაშავე მანამ, სანამ მისი დანაშული არ დადასტურდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გამოძიების პროცესი განხორციელდეს შესაბამისი პროცედურების დაცვით", - აღნიშნა ჰამარბერგმა.

რაც შეეხება მეორე გზავნილს, ჰამარბერგის განმარტებით, იგი ფიქრობს, რომ დროა ქართულმა საზოგადოებამ წარსულში ყურებას თავი დაანებოს და მომავალზე დაიწყოს ფიქრი. "ძალზედ მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ აღარ იყუროს მარტო წარსულში და დაიწყოს ფიქრი მომავალზე. ამდენად, ვფიქრობ, დადგა დრო დავხუროთ წარსულის ეს გვერდი და მოვემზადოთ შემდგომი ნაბიჯების გადასადგმელად მომავლისკენ, ესაა მეორე ძირითადი გზავნილი", - აღნიშნა თომას ჰამარბერგმა.

კომენტარები