მავთულხლართების გადმოწევა

შსს დვანში საოკუპაციო ზოლის გადმოწევას არ ადასტურებს

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს შიდა ქართლში რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ მავთულხლართების მონტაჟის განახლების გამო. სამართალდამცავი უწყების ცნობით, აღნიშნული პროცესი 22 სექტემბერს, ქარელის რაიონის სოფელ დვანში განახლდა, თუმცა, პირველადი ინფორმაციით, საოკუპაციო ზოლის საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიის სიღრმეში გადმოწევა არ დასტურდება.

შსს აღნიშნავს, რომ ქართული და საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან გაკეთებული არაერთი განცხადებისა და პროტესტის მიუხედავად, რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის პროცესი კვლავაც გრძელდება. შსს მკაცრად გმობს რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მავთულხლართებისა და ღობეების მონტაჟის უკანონო ქმედებას და ყველა მხარეს პროცესის დაუყოვნებლივ შეჩერებისკენ მოუწოდებს.

გორის მუნიციპალიტეტის გამგებლის, პაპუნა კობერიძის ინფორმაციით, საოკუპაციო ხაზი დვანში 400-500 მეტრით არის გადმოწეული.

მავთულხლართების მონტაჟის პროცესი რამდენიმე დღის წინ სოფელ დიცშიც განახლდა.

კომენტარები