NDI-ის კვლევა

NDI: 76%-ს სოჭის ოლიმპიადაში საქართველოს მონაწილეობა მისაღებად მიაჩნია

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოების განწყობის კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

გამოკითხულთა 89%-ისთვის მოლაპარაკებები ქართული ღვინის, წყლისა და ხილის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების შესახებ მისაღებია. აღნიშნული საკითხი მიუღებლად კი 6%-ს მიაჩნია.

საქართველოს მთავრობის მიზანი, ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი, გამოკითხულთა 81%-ისთვის მისაღებია, ხოლო 9%-ისთვის - მიუღებელი.

სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მონაწილეობა მისაღებად 76%-ს მიაჩნია. 11%-ისთვის მიუღებელია.

რაც შეეხება სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენას რუსეთთან აფხაზეთის გავლით, 75%-ისთვის მისაღებია, 15%-ისთვის კი მიუღებელი.

საქართველოს მთავრობის მიზანი, რომ ქვეყანა გახდეს NATO-ს წევრი, გამოკითხულთა 73%-ისთვის მისაღებია, 16%-ისთვის კი მიუღებელი.

კვლევა 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე 3,838 რესპონდენტი გამოიკითხა. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი CRRC.

კომენტარები