მავთულხლართების გადმოწევა

თეა წულუკიანი: საქართველო არ შეეგუება თუნდაც მტკაველი მიწის დაკარგვას

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ქარელის რაიონის სოფელ დვანში მიმდინარე მოვლენებს მცოცავ ანექსიად აფასებს. მისი თქმით, რუსეთის ასეთი საქციელი საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ვერ შეაფერხებს.

"წინგადადგმული ნაბიჯია ის, რომ ევროკავშირი დღეს ცალსახად ამბობს იმას, რაც აქამდე არ უთქვამს - რომ ეს არის მიუღებელი. ამგვარი მკვეთრი განცხადებები ძალიან გვჭირდება, რომ რუსეთმა ცალსახად გაიგოს ყველასგან - საქართველო არაფრის ფასად არ შეეგუება თუნდაც მტკაველი მიწის დაკარგვას. ჩვენ მშვიდობიანი გზით მივაღწევთ იმას, რომ ჩვენი ტერიტორია რუსეთთან დალოგის შედეგად, რაც შეიძლება მალე იყოს დეოკუპირებული. თუ მცოცავ ოკუპაციას რუსეთი განიხილავს როგორც ჩვენზე ზეწოლის მექანიზმს, რომ ევროკავშირზე ვთქვათ უარი, ჩვენ მასზე უარს არ ვიტყვით", - აცხადებს წულუკიანი.

რუსმა მესაზღვრეებმა ქარელის რაიონის სოფელ დვანში სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. მათ მოსახლეობას ყანის ასაღებად საათ-ნახევარი მისცეს. ადგილობრივების თქმით, ხეხილის აღებას ისინი ვერ მოახერხებენ. მოსავლის აღება ხვალიდან უკვე შეუძლებელი იქნება.

კომენტარები