თომას ჰამარბერგი

წულუკიანი: ჰამარბერგისგან ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღე

თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შეფასებით, თომას ჰამარბერგის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს მთავრობის მხრიდან პუნქტობრივი შესწავლა სჭირდება. მისივე თქმით, ჰამარბერგის მიერ გაწეული საქმიანობა მთავრობისთვის დიდი პატივი იყო.

"პირადად მე მისგან ბევრი სასარგებლო რჩევა მივიღე. ერთხელ მივიღე აბსოლუტურად დასაბუთებული შენიშვნაც, რომელიც გავიზიარე და მეორედ იგივე საქციელი არ ჩამიდენია. ის, რომ ჰამერბერგი ვინმეს მრჩეველი იყოს, ცივილიზებულ სამყაროში დიდი პატივია. ძალიან ვნანობ იმ შეფასებებს, რომლითაც წინა ხელისუფლება მასთან მიმართებაში გამოირჩეოდა ხოლმე", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა და აღნიშნა, რომ სასიხარულოა ჰამარბერგის მხრიდან - "შრომის კოდექსში" განხორციელებული ცვლილებებისა და სასამართლო რეფორმის დადებითად შეფასება.

"თუმცა, კვლავ ძალიან ბევრია გასათვალისწინებელი - ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ყოფილ მაღალჩინოსნებთან დაკავშირებული პროცესები გამჭირვალე იყოს. როგორც დაცვის მხარემ, ასევე პროკურატურამ უნდა გაითავისოს ერთი მარტივი რამ - მოსამართლე დღეს თავისუფალია და მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, დაცვის მხარემ თუ პროკურატურამ პირველ რიგში საკუთარ თავს უნდა უსაყვედუროს", - ამბობს იუსტიციის მინისტრი.

კონსტიტუციური და სამართლებრივი რეფორმებისა და ადამიანის უფლებების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა მრჩეველმა თომას ჰამარბერგმა გუშინ საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ საკუთარი ორმოცგვერდიანი ანგარიში წარადგინა.

კომენტარები