ღარიბაშვილის ვიზიტი

ირაკლი ღარიბაშვილი ბალტიისპირეთში ვიზიტის ფარგლებში ლატვიელ კოლეგას შეხვდა

facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ოფიციალური ვიზიტი ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და ბელარუსის რესპუბლიკაში დღეს დაიწყო. ღარიბაშვილი ლატვიელ კოლეგას რიჰარდ კოზლოვსკის შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილების, მათზე მზადყოფნისა და რეაგირების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე ერთობლივ განცხადებას.

ღარიბაშვილი დღეს, ასევე, ლატვიის სახელმწიფო პოლიციის უფროსს, ინტს კიუზის შეხვდა. მხარეებმა უწყებებს შორის სამართალდამცავ სფეროში ორმხრივი თანამშრომლობა და სამომავლო გეგმები განიხილეს.

დღესვე დაგეგმილია შეხვედრები ლატვიის თავდაცვის სამინისტროში, სადაც ხელი საქართველოს მთავრობასა და ლატვიის რესპუბლიკის მთავრობას შორის საიდუმლო ინფორმაციის ერთობლივი დაცვის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ოქმს მოეწერება.

გარდა ზემოაღნიშნული შეხვედრისა, საქართველოს შს მინისტრი ესტონეთისა და ლიტვის კოლეგებსაც შეხვდება. ხელი მოეწერება შეთანხმებებს - საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ და საქართველოს მთავრობასა და ლიტვის რესპუბლიკის მთავრობას შორის საგანგებო სიტუაციების თავიდან აცილებისა და ლიკვიდაციის სფეროში თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს ირაკლი ღარიბაშვილი ბელარუსის რესპუბლიკაში გაემგზავრება. ის ბელარუსის რესპუბლიკის შს მინისტრსა და საგანგებო სიტუაციების მინისტრს შეხვდება. აღნიშნული ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს და ბელარუსის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრები ხელს მოაწერენ საქართველოს მთავრობასა და ბელარუსის რესპუბლიკის მთავრობას შორის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დასადებად აუცილებელი პროცედურების განხორციელების თაობაზე ერთობლივ განცხადებას.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვიზიტი ბელარუსის რესპუბლიკაში 28 სექტემბერს დასრულდება.

კომენტარები