ლუგარის ცენტრი

ონიშჩენკო: საქართველოში აშშ-ის მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის მიზნები გაურკვეველია

ITAR-TASS

საქართველოს ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის ფუნქციონირება და მისი გაურკვეველი მიზნები სერიოზულად აფერხებს საქართველოსთან, როგორც პარტნიორთან, ნდობის დამყარებას. ამის შესახებ როსპოტრებნადზორის ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა საქართველოში აშშ-ის მიერ დაფინანსებული ბიოუსაფრთხოების ლაბორატორიის გახსნა რუსეთის მხრიდან სპეკულაციის თემა ხდება. ონიშჩენკომ 2011 წელს საქართველო ღორის ჭირის გავრცელებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ დაავადება რუსეთში "საიდუმლო ლაბორატორიიდან" მოხვდა.

საქართველოს მთავრობის 7 მაისის განკარგულების თანახმად, რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი, რომელიც აშშ-ის დახმარებით შეიქმნა, ლიკვიდირებულად გამოცხადდა. ცენტრის ქონება დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს გადაეცა. აგვისტოს დასაწყისში ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ონიშჩენკო ლაბორატორიის დასათვალიერებლად დაპატიჟა.

დღეს იგივე შეთავაზება ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან დავითაშვილმა გაიმეორა. "ჩვენ სრულიად ღია ვართ და მზად ვართ, რუსი ექსპერტები, როსპოტრებნადზორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ და დაათვალიერონ ლაბორატორია, რადგან შიგნით არაფერი საიდუმლო არ ხდება", - განაცხადა დავითაშვილმა.

დღევანდელ კომენტარში ონიშჩენკომ ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოდან რუსეთის ბაზარზე შესული პროდუქციის კონტროლი ახალ საფეხურზე გადადის და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩატარებული შემოწმება საერთო ჯამში დამაკმაყოფილებელია, აღმოჩენილი ხარვეზების გამო, ყველა საწარმოს რუსულ ბაზარზე შესვლის უფლება არ მიეცემა.

რუსეთის სანიტარული სამსახურის ექსპერტები საქართველოში შემოწმების მიზნით წინა კვირას იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში მათ 30-მდე ქართული კომპანია შეამოწმეს. 

კომენტარები