თომას ჰამარბერგი

მთავრობა ჰამარბერგის ანგარიშთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს

radiotavisupleba.ge

საქართველოს მთავრობა ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის თომას ჰამარბერგის ანგარიშთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მთავრობის შეფასებით, ანგარიშში აღნიშნულია საქართველოში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი და მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციები არსებული ხარვეზების გამოსწორების მიზნით. განცხადების მიხედვით, ანგარიშში მოწონებულია ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის ხელშეწყობის, მოსახლეობაში ადამიანის უფლებათა დაცვის დონის გაზრდის, დასაქმების სფეროში პროგრესული რეფორმების შემუშავების, აგრეთვე გამჭვირვალობისა და დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციების მასშტაბის გაზრდის, წარსულში არსებული "ელიტარული კორუფციისა" და დაუსჯელობის აღმოფხვრისაკენ. მთავრობა აღნიშნავს, რომ ანგარიშის თანახმად, უკანასკნელ თვეებში საქართველომ "გადაუჭრელი და რთული პრობლემების საკმაოდ დიდი რაოდენობის მოგვარება შეძლო, მათ შორის, ისეთი პრობლემების, რომლებიც მართლმსაჯულების სისტემის მუშაობას ეხება".

"შეფასების დასასრულს ჰამარბერგი მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, კერძოდ, ევროკავშირს, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საკუთარი როლის გაგრძელებისკენ, რადგან ევროპის ინტერესებში ცალსახად შედის საქართველოში დემოკრატიის განვითარება და შემდგომი განმტკიცება", - ნათქვამია განცხადებაში. ამასთან, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება აღნიშნავს, რომ 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ საქართველოში მიმდინარე რეფორმები ანგარიშში მოხსენებულია, როგორც 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ მეორე გარდამავალი პერიოდი.

"ანგარიშში ასევე მოხსენებულია ზოგიერთი უაღრესად ფაქიზი საკითხი. აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია დაუსჯელობასთან ბრძოლა. ეს პროცესი, ჰამარბერგის აზრით, უნდა გახდეს სამართლის აღსრულების, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის მაგალითი. რაც შეეხება 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებს, აღნიშნულს ჰამარბერგი უწოდებს "ყველა ჩართული მხარის გამოცდას". ანგარიშში ამ მიმართულებით ნათქვამია, რომ წინა არჩევნებთან შედარებით, გარემო უფრო მშვიდობიანია, რომ დღეს ქართულ საზოგადოებას აქვს შედარებით თავისუფალი და პლურალისტური მედიაგარემო და რომ შეკრების უფლება დღეს უკეთ არის დაცული", - აცხადებენ საქართველოს მთავრობაში.

კომენტარები