მავთულხლართები

საგარეო უწყება: რუსეთი არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. საქართველოს საგარეო უწყების შეფასებით, აღნიშნული ქმედებით რუსეთი უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.

"გორის რაიონის სოფელ დიცში მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების პროცესის განახლების შემდეგ, 2013 წლის 22 სექტემბრიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ინტენსიურად გააგრძელეს თავისი უკანონო ქმედებები ქარელის რაიონის სოფელ დვანში. სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ მოკლებულია საკუთარ სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებზე შესვლისა და საქმიანობის წარმოების უფლებას. საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია კვლავ უხეშად არღვევს ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებით და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, რომლის საოკუპაციო ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოში მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და რომელიც ეფექტურად იყენებს კონტროლის ბერკეტებს საქართველოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, საერთაშორისო სამართლის თანახმად ვალდებულია, შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო. უწყება პარტნიორ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მოუწოდებს, მიიღონ სათანადო და ეფექტური ზომები, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებები საქართველოს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

"რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები და შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, დიცსა და დვანში რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართების გავლება განაახლეს. მათ ადგილობრივ მოსახლეობას მოსავლის დაუყოვნებლივ აღება მოსთხოვეს. 

 

კომენტარები