NATO-საქართველო

ირაკლი ალასანია: ქართული არმია ძალიან დაუახლოვდა NATO-ს სტანდარტებს

თავდაცვის სამინისტრო

NATO-ს შემფასებელთა ჯგუფმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში (PARP) აღებული ვალდებულებების შესრულება დადებითად შეაფასა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, NATO-ს შემფასებელთა ჯგუფი NATO-ს საერთაშორისო სამსახურის თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის შეიარაღებულ ძალთა განვითარების დაგეგმვის დირექტორატის უფროსის ფრენკ ბოლანდის ხელმძღვანელობით, საქართველოში იმყოფება. NATO-ს დელეგაციამ დღეს შეხვედრა თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასთან გამართა. როგორც ფრენკ ბოლანდმა თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, თავდაცვის სამინისტროს მიერ PARP-ით აღებული ვალდებულებები სწრაფი ტემპით სრულდება.

"ჩვენ თვალყურს ვადევნებთ საქართველოს თავდაცვის უწყებაში მიმდინარე რეფორმებს, რათა საქართველოს შეიარაღებულ ძალები NATO-ს სტადარტების შესაბამისად განვითარდეს. მცირე ფინანსური რესურსის გამო, ზოგ სფეროში სირთულეები არსებობს. ეს საკითხი ჩვენ თავდაცვის მინისტრთან შეხვედრისას განვიხილეთ. ასევე კარგად გვესმის, თუ რა გამოწვევის წინაშე დგას საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიულ არმიაზე სრულად გადასვლის პროცესში, კარიერული წინსვლისა და პერსონალის მართვის სისტემაში, ასევე ლოგისტიკისა და ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით. ქართველ კოლეგებს ყველაფერი წინასწარ აქვთ გაწერილი და გვჯერა, რომ ისინი ამ ყველაფერს სწორი მენეჯმენტით შეასრულებენ", - აღნიშნა ფრენკ ბოლანდმა თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით. უწყების ცნობით, NATO-ს შემფასებელთა ჯგუფმა ქართულ მხარესთან დოკუმენტის საბოლოო მიღებამდე მნიშვნელოვანი საკითხებიც დააზუსტა. საქართველოს მიერ დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესში აღებული ვალდებულებები 29 ოქტომბერს ბრიუსელში NATO-ს შტაბბინაში განიხილება. ირაკლი ალასანიას თქმით კი, ბოლანდთან და შემფასებელ ჯგუფთან შეხვედრა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გაეგო მათი აზრი, შეფასებები, თუ როგორ მიდის რეფორმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, შეიარაღებულ ძალებში. 

"ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ რეფორმის ჯგუფმა მაღალი შეფასებები დაიმსახურა. შეფასება ასევე ადეკვატური იქნება ოქტომბრის ბოლოს თვითონ NATO-ს წევრი სახელმწიფოების მხრიდანაც. ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს შეიარაღებულ ძალებს აქვს ძალიან დიდი ნდობა, რომ ქართული არმია პრაქტიკულად ძალიან დაუახლოვდა NATO-ს სტანდარტებს. ურთიერთქმედება უმაღლესია. ეს არა მარტო ავღანეთში ჩვენი ჯარების მონაწილეობის დროს დასტურდება, არამედ თავად უკვე ინსტიტუციური კავშირით NATO-სა და საქართველოს შორის, ჩვენს თავდაცვის უწყებებს შორის და ეს იქნება საქართველოს NATO-ში სამომავლო გაწევრიანების საფუძველი", - განაცხადა ფრენკ ბოლანდთან შეხვედრის შემდეგ ალასანიამ.

დღესვე, NATO-ს შემფასებელთა ჯგუფის წევრები გაერთიანებული შტაბის უფროსს პოლკოვნიკ ირაკლი ძნელაძეს, მინისტრისა და გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილეებს შეხვდნენ.

კომენტარები