აუდიტის სამსახურის განცხადება

აუდიტის სამსახური დემოკრატიული მოძრაობის დარღვევებზე საუბრობს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დემოკრატიული მოძრაობის საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მიერ ტელეკომპანია იმედის ეთერში გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ბრიფინგი გამართა. ბურჯანაძის მტკიცებით, აუდიტის სამსახური მხოლოდ მისი პარტიის ოფისებს ამოწმებს და ეს მიზანმიმართული კამპანიაა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პრესსამსახურის უფროსი რუსუდან შამუგია სამსახურის მიერ ჩატარებულ ღონისძიებებს განმარტავს.

"წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში ქალბატონ ნინო ბურჯანაძის მიერ თითქმის ყველა რაიონში იხსნებოდა და იხსნება ოფისები. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ვიღებთ საინფორმაციო საშუალებების დახმარებით. მაგალითისთვის მოგიყვანთ შემდეგ ინფორმაციას - ბათუმის რაიონული ოფისი და საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა 10 ივლისს, გორის ოფისი 31 ივლისს, გარდაბნის ოფისი 4 აგვისტოს და ა.შ. ამ ოფისების შესახებ ინფორმაცია აუდიტის სამსახურში წარმოდგენილი არ ყოფილა", - აღნიშნა შამუგიამ.

შამუგიას თქმით, აუდიტის სამსახურმა აღნიშნულთან დაკავშირებით სამუშაოების ჩატარება დაიწყო, რა დროსაც აღმოაჩინეს 90-მდე ოფისი. დემოკრატიულმა მოძრაობამ კი, 13 სექტემბრის მდგომარეობით, მხოლოდ 10 ოფისს გაუკეთა დეკლარირება.

"ხსენებულის შედეგად, მონიტორინგის სამსახურის მიერ 13 სექტემბრიდან დაიწყო გამოკითხვების ჩატარება. მხოლოდ და მხოლოდ სამსახურის მიერ ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შემდგომ, პარტიის მიერ დეკლარირებული ოფისების რაოდენობა გაიზარდა 72-მდე, როგორც არაფულადი შემოწირულობა და წარმოდგენილ იქნა შესაბამისი ღირებულებები. ხოლო დამატებით ჩვენ მიერ აღმოჩენილ ოფისებზე მოთხოვნილ იქნა ექსპერტიზის ჩატარება, რათა დადგინდეს პარტიის მიერ დამალული ოფისების საბაზრო ღირებულება, პარტიის მიერ გაღებული ხარჯის დადგენის მიზნით", - თქვა შამუგიამ.

რუსუდან შამუგიამ ასევე აღნიშნა, რომ ინფორმაცია, თითქოს აუდიტის სამსახური მონიტორინგს მხოლოდ ერთ პარტიაზე ატარებს, მცდარია.

"ასევე მინდა დავამატო, რომ არცერთი პიროვნება, კანდიდატი არ დგას და არ უნდა თვლიდეს თავს კანონზე მაღლა. ასევე მცდარია ინფორმაცია, რომ თითქოს მონიტორინგის სამსახური მხოლოდ ერთი პარტიის წინააღმდეგ ახორციელებს შესწავლას. ჩვენ მიერ ხდება ყველა საკითხის შესწავლა და ყველა ფაქტზე მოხდება კანონით გათვალისწინებული რეაგირება. ამ ეტაპზე უკვე დაჯარიმებულია 5 პოლიტიკური პარტია. ასევე უნდა აღვნიშნო, რომ მონიტორინგის სამსახური ვალდებულია უზრუნველყოს პოლიტიკური პარტიების ფინანსური გამჭვირვალობა, რათა არ მოხდეს უკანონო თანხების გამოყენება პოლიტიკურ პროცესებში", - განმარტავს შამუგია.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ყველა პოლიტიკურ სუბიექტს მოუწოდებს, დაიცვას საარჩევნო კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმები, "რათა არ გავხდეთ იძულებული გამოვიყენოთ ფინანსური სანქციები. რადგანაც ჩვენი მიზანი არ არის ვინმეს დაჯარიმება, არამედ პრევენციული ღონისძიებების განხორციელება. რათა უზრუნველყოფილ იქნეს წინასაარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ და თანაბარ პირობებში წარმართვა", - დასძინა შამუგიამ.

კომენტარები