საქსტატი

საქართველოს საგარეო ვაჭრობა მცირდება

საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახური (საქსტატი) აქვეყნებს. უახლესი ანგარიშის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1%-ით ნაკლები იყო.

საქსტატის ინფორმაციით, ამ პერიოდში ექსპორტი 14%-ით გაიზარდა, ხოლო იმპორტი - 4%-ით შემცირდა. სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ იანვარ-აგვისტოს პერიოდში, ექსპორტი ორჯერ - მარტში 10.5%-ით და მაისში 8%-ით შემცირდა, ხოლო იმპორტი იანვრიდან ივნისის ჩათვლით სულ მცირდებოდა.

საქსტატის მიხედვით, 2013 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი იყო თურქეთი 950 მილიონი აშშ დოლარით, ხოლო სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველ ადგილზე - 452 მილიონი აშშ დოლარით - მსუბუქი ავტომობილები მოხვდა.  

2013 წლის იანვარ-აგვისტოში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, 2%-ით შემცირდა ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ხოლო დსთ-ის ქვეყნებთან - 9%-ით გაიზარდა. ამ პერიოდში სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის წილი 34%, ხოლო ევროკავშირის ქვეყნების წილი - 27% იყო. 

კომენტარები