ბიზნესგარემო

ტობიას ბაუმანი: საქართველოში ბიზნესგარემო გაუარესდა

globalteleforcesocial.com

საქართველოში ბიზნესგარემო 2012 წლის არჩევნების შემდეგ გაუარესდა. ამის შესახებ გერმანული ბიზნესპალატების გაერთიანების საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი ტობიას ბაუმანი გაზეთ Financial-თან აცხადებს. მისივე თქმით, ბევრი გერმანული კომპანია ქვეყანაში პოლიტიკური და ეკონომიკური სტრატეგიის ჩამოყალიბებას ელოდება.

ბიზნესგარემოს გაუარესების მაგალითად ბაუმანს უცხოელებზე მიწის გასხვისებაზე მორატორიუმის გამოცხადება მოჰყავს. მისი თქმით, ცვლილება საჯარო განხილვების გარეშე იქნა მიღებული, რაც საქართველოში საინვესტიციო კლიმატის განვითარებას რისკის ქვეშ აყენებს. ბაუმანი ამბობს, რომ თუ ქვეყანა სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტორის მოზიდვაზე მუშაობს, მიწის ყიდვა შესაძლებელი უნდა იყოს, რაც დაშვებულია ლიბერალური და განვითარებული ეკონომიკის ქვეყნების უმრავლესობაში. 

"აუცილებელია, ახალმა მთავრობამ შეინარჩუნოს ის მიღწევები ბაზრების გახსნასთან დაკავშირებით, რაც უდავოდ მიღწეული იყო 2008 წლის შემდეგ. აუცილებელია, რომ ქვეყანაში უსაფრთხოება იყოს დაცული და კორუფციის დონე იყოს რაც შეიძლება დაბალი", - აცხადებს ბაუმანი.

საქართველოს ბაზარზე 300-მდე გერმანული კომპანია ოპერირებს. მათი თითქმის მესამედი გერმანული ბიზნესპალატების გაერთიანების წევრია. გერმანული კომპანიები საქართველოს პოტენციალს ძირითადად წყლის ენერგიის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და ლოგისტიკის დარგებში ხედავენ. 

როგორც გერმანული ბიზნესპალატების გაერთიანების საერთაშორისო დეპარტამენტის დირექტორი ამბობს, 2013 წლის ბოლოსთვის კიდევ 50 ახალი გერმანული კომპანია აპირებს საქართველოს ბაზარზე შემოსვლას, თუმცა კომპანიების უმრავლესობისთვის ახალი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ჯერ კიდევ ბუნდოვანია. ბაუმანს ამის მაგალითად პრემიერმინისტრ ივანიშვილის მიერ ინიცირებული საპარტნიორო ფონდი მოჰყავს. მისი თქმით, გერმანული კომპანიები ამ ინიციატივით დაინტერესდნენ, თუმცა 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ამ საკითხთან დაკავშირებით რაიმე ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა.

"დღესდღეობით რთულია იმის თქმა, თუ რა მიმართულებით ვითარდება ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკა. ბევრი ძველი თანამშრომელი, როგორც ადმინისტრაციიდან, ისე უფრო დაბალი საფეხურებიდანაც, გათავისუფლდა. ეს დიდი დანაკლისია როგორც ექსპერტიზის, ისე კომპეტენციისა და უკვე დამყარებული კომუნიკაციის თვალსაზრისით. ასეთი რადიკალური ცვლილებების შემდეგ, ბიზნესს უჭირს ამ სამსახურების მიმართ კომუნიკაციისა და ნდობის აღდგენა. ამ ყველაფერმა კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ინვესტორის გადაწყვეტილებებზეც იმოქმედოს," - აღნიშნავს ბაუმანი. 

კომენტარები