სირიის კონფლიქტი

ბარაკ ობამა: ასადის მმართველობა აღარ უნდა გაგრძელდეს

reuters.com

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან სირიის კრიზისის მოგვარების გზებზე ისაუბრა. მან იმედი გამოთქვა, რომ შეთანხმება სირიის ქიმიური იარაღის განადგურების შესახებ წარმატებით შესრულდება. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ სირიის რეჟიმი შეთანხმებას დაარღვევს, ამაზე პასუხი უნდა აგოს. ობამას განცხადებით, ასადის მმართველობა აღარ უნდა გაგრძელდეს.

"სირიის მთავრობამ პირველი ნაბიჯი გადადგა, როდესაც საკუთარი მარაგების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ახლა საჭიროა გაეროს უშიშროების საბჭოს მკაცრი რეზოლუცია, რათა ასადის რეჟიმმა შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები. და იმ შემთხვევაში, თუ ასე არ მოხდა, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. თუკი ჩვენ ამას არ დავთანხმდებით, ეს ნიშნავს, რომ გაეროს არ შესწევს უნარი საერთაშორისო სამართლის ელემენტარული ნორმები დაიცვას. მეორე მხრივ, თუ ამას მივაღწიეთ, ეს ძლიერი გზავნილი იქნება, რომ 21-ე საუკუნეში ქიმიური იარაღის გამოყენება დაუშვებელია. წარმოდგენა იმაზე, რომ სირია შეიძლება ომამდელ სტატუსს დაუბრუნდეს, ფანტაზიაა. დროა, რუსეთმა და ირანმა გაიგონ, რომ ასადის მმართველობის გაგრძელება იმ შედეგს მოიტანს, რასაც მათ ასე ეშინიათ - ექსტრემისტების სისასტიკის ზრდას", - თქვა ობამამ.

"სირიის პრობლემას ძალისმიერი გადაწყვეტა არ აქვს", - ამის შესახებ ირანის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ თქვა, რომელიც გენერალური ასამბლეის წინაშე პირველად წარდგა. როუჰანიმ დაგმო საერთაშორისო სანქციები მისი ქვეყნის წინააღმდეგ. მისივე თქმით, იგი მზადაა მოლაპარაკებებისთვის ბირთვული პრობლემის გარშემო და შეერთებულ შტატებთან დაძაბული ურთიერთობა არ სურს.

"ეს სანქციები არის ძალადობა, ეს მარტივი და ცხადია, ისინი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებას არღვევს, როგორიცაა მშვიდობის, განვითარების, ჯანმრთელობისა და განათლების ხელმისაწვდომობის უფლება. ვუსმინე ბარაკ ობამას გამოსვლას და იმედი მაქვს, თუკი იგი არ მოექცევა მილიტარისტული ჯგუფების გავლენის ქვეშ, შეგვიძლია ჩვენი უთანხმოებების გადაწყვეტისთვის საფუძველი შევქმნათ. ბირთვული და მასობრივი განადგურების სხვა იარაღის არსებობა ჩვენს თავდაცვის დოქტრინას, ასევე პოლიტიკურ და რელიგიური შეხედულებებს ეწინააღდეგება", - აღნიშნა როუჰანიმ.

შეგახსენებთ, რომ სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის თქმით, ქიმიურ იარაღს საერთაშორისო კონტროლს ჩააბარებს, რის შემდეგაც ის განადგურდება. თუმცა, მისი თქმით, პროცედურა დაახლოებით ერთ წელს გაგრძელდება. ასადი ასევე ამბობს, რომ განადგურება რთული და ძვირადღირებული ოპერაციაა და ამას ერთი მილიარდი აშშ დოლარი დასჭირდება.

კომენტარები