სამეგრელოს სამალავები

წამების ამსახველი ვიდეოკადრების საქმეზე სასამართლო პროცესები დაიხურა

სამეგრელოს საიდუმლო სამალავებიდან ამოღებულ წამების ამსახველ ვიდეოკადრებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეს დახურულ რეჟიმში განიხილავენ. თბილისის საქალაქო სასამართლომ  წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაცვის მხარის ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, სხდომა დახურა.

საქმის პროკურორის განცხადებით, "საქმე გაუკუღმართებული სექსუალური ძალადობის ეპიზოდებს მოიცავს" და პროცესის ღიაობის შემთხვევაში, დაზარალებულთა ვინაობის გასაჯაროებით, მათი უფლებები შეილახება. გაუპატიურებასა და იარაღის უკანონო შენახვაში ბრალდებულების და მათი ადვოკატების ნაწილმა პროცესის დახურვის შუამდგომლობა გააპროტესტა. თუმცა, მოსამართლემ პროცესის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზუგდიდში აღმოჩენილ საიდუმლო სამალავში ნაპოვნი ვიდეოფირების საქმეზე დაკავებულ ცხრა პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა. გაუპატიურებას, წამებას  და იარაღის უკანონო ტარებას 12 ადამიანს ედავებიან. ბრალდებულები არიან შსს-ს მოქმედი და ყოფილი თანამშრომლები მარლენ ხვიტია, გოჩა შონია, გურამ ჭითანავა, პაატა ქირია და რუსლან შამახია, ასევე, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე კობა თოდუა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი გიორგი გულია, ასევე - თემურ უბირია და პაატა ქირია. ბრალდებულები არიან ასევე - ძებნილად მიჩნეულები - მეგის ქარდავა, კოხტა კოდუა და დავით დარდინავა. 

ბრალდებული ცხრა პირი სამეგრელოში საიდუმლო სამალავის აღმოჩენიდან მეორე დღეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს უშიშროების სამსახურმა დააკავა.

კომენტარები