ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

ბიძინა ივანიშვილი ექსპერტებს: ფილტრი გავუკეთოთ საკუთარ გამონათქვამებს

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, არ შეიძლება, რომ ხელისუფლებამ ანალიზი "გამუდმებით საკუთარ თავზე აკეთოს". პრემიერმა დღევანდელი შეხვედრისას ექსპერტებს ობიექტურობისკენ მოუწოდა.

"ხელისუფლებას და საზოგადებას თქვენ უნდა დაეხმაროთ. ამისთვის გქვიათ ექსპერტები. თქვენს გამონათქვამებს აქვს უფრო მეტი მნიშვნელობა, ვიდრე ჟურნალისტებისას, რადგან ისინი თქვენს ტირაჟირებას ახდენენ. თუ რამე კითხვა გაქვთ, ყველა მინისტრზე მიგიწვდებათ ხელი, მათ შორის ჩემზე. თუ გეშლებათ, ნუ ყრით ასე ფრაზებს -  რომ ქაოსია... ეშინია... გარბის... ჩემი დღევანდელი პოლემიკის მიზანი ის არის, რომ ფილტრი გავუკეთოთ საკუთარ გამონათქვამებს. მოვითხოვოთ საკუთარი თავისგანაც და ნუ ვითხოვთ მხოლოდ სხვებისგან. თქვენი გამონათქვამებიც რომ ჩავყარო და გავაანალიზო, შეიძლება სასამართლოსთვის გადასაცემი გაგვიხდეს", - განუცხადა პრემიერმა ექსპერტებს და მის მიმართ გაკეთებული განცხადებების განმარტება მოითხოვა. ბიძინა ივანიშვილმა ექსპერტთა ნაწილის ის ციტატებიც წარმოადგინა, რომლებიც მას შეეხება. 

"მამუკა არეშიძე, რომელიც ჩემი ახლო მეგობარია და ჩემთან ყველაზე დიდხანს მუშაობდა, ამბობს, რომ დღეს მმართველი ძალის და ნაციონალების სიმბიოზია ანუ ერთად ვმუშაობთ და ერთად ვიყოფთ ჩვენ ქონებას. ის ამბობს, რომ წართმეული ქონების დაბრუნება არ ხდება, რადგან გარემოცვა უმალავს ინფორმაციას პრემიერს. მამუკა ორნაირად გამოთქვამს - ან მიმალავენ ან ჩემი ცხოვრების წესით ვერ ვახდენ ინფორმაციის მიღებას. უნდა დაასაბუთოს, რა ინფორმაცია აქვს მხედველობაში. ასევე მამუკა ამბობს, რომ ჩემი წასვლით ნაციონალები დაბრუნდებიან. მე იოტისოდენათიც არ მჯერა, რომ ეს მოხდება. "ივანიშვილი თავს არიდებს თავის წასვლით ქვეყნის გამოკვეთილ ორიენტაციას" - ესეც უნდა მითხრათ, რას ვარიდებ და როგორ ვარიდებ. ასევე ამბობთ, რომ "ქვეყანაში არ ჩანს სტრატეგიული გათვლა" და ასევე, "პრემიერი არის არაინფორმირებული და ქვეყანაში ქაოსია". ექსპერტებმა უნდა გაიაზრონ, რომ ერთი ან ორი პროგნოზის ვერგამოცნობით საზოგადოების ნდობას კარგავს", - აღნიშნა ივანიშვილმა.

გარდა ამისა, როგორც პრემიერი აცხადებს, ვაჟა ბერიძე ამბობს, რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე არსებობს.

"სხვებზეც ვისაუბრებ. ვაჟა ბერიძე ჩემთან მუშაობდა და ის ასკვნის, რომ პოლიტიკური კრიზისი უკვე არსებობს. თქვენ ამბობთ, რომ ივანიშვილი გადადის სამოქალაქო სექტორში. მე გადავდივარ საზოგადოებაში და ამ სამოქალაქო სექტორს სჭირდება ზუსტად ჩამოყალიბება და შექმნა. თქვენ ამბობთ, რომ კოალიცია დაშლილია, ივანიშვილის წასვლით პარლამენტის და მთავრობის ლეგიტიმაცია ეჭვქეშ დგება და ამბობთ იმასაც, რომ ივანიშვილი დასავლეთმა არ მიიღო. ასევე ამბობთ, რომ არჩევნების მეორე ტური გარდაუვალია და ივანიშვილი თავის მემკვიდრედ მის ნათესავს, მამაცაშვილს ტოვებსო. ზაზა ფირალიშვილი კი როგორც ამბობს, ქართული ოცნების უნიათობაა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესი ასე გაჭიანურდა. რამაზ საყვარელიძის თქმით, ოცნების მხარდაჭერა კლებულობს და მან ეს უნდა დამიმტკიცოს. მისივე თქმით, პრემიერისთვის პრინციპული არ იქნება, თავისმა კანდიდატმა გაიმარჯვოს საპრეზიდენტო არჩევნებში. რატომ გამყავს საკუთარი კანდიდატი მაშინ, თუ მისი გამარჯვება ან დამარცხება ჩემთვის პრინციპული არ იქნება? გიორგი ხუციშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის მხრიდან დაფინანსების შემთხვევაში სამოქალაქო სექტორი შესაძლოა გადაიქცეს ინსტრუმენტად ერთი ადამიანის ხელში. მე იქ არაფრის დაფინანსებას არ ვაპირებ, შეიძლება 6-7 დავასაქმო. სოსო ცისკარიშვილი კი ამბობს, რომ თუ მეორე ტური არ ჩატარდა საქართველოში, დემოკრატია არ არის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე კი, მან დაასწრო ყველაფერს და მატრიალა, რომ ისინი არიან პოლიტპატიმრები და ა.შ", - განაცხადა ივანიშვილმა.

 

კომენტარები