ბიძინა ივანიშვილის შეხვედრა ექსპერტებთან

კახიშვილს ერთ ლარად შეძენილი ქონების საკითხების შემსწავლელი ფონდის შექმნა სურს

RFE/RL

ექსპერტმა კახი კახიშვილმა პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ფონდის შექმნის ინიციატივით მიმართა. როგორც კახიშვილმა პრემიერს დღევანდელ შეხვედრაზე უთხრა, კარგი იქნება, სპეციალურმა ფონდმა ერთ ლარად შეძენილი ქონების საკითხები შეისწავლოს. კახიშვილის განცხადებით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარემოცვასა და ახლობლებზე ერთ ლარად ნაჩუქარი ქონების ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს. მისივე თქმით, ამავე სიაშია ნინო ბურჯანაძისთვის მიცემული აგარაკი.

"მათ საშემოსავლოს არავინ არ სთხოვს, შექმენით ფონდი, წამოწიეთ ის საკითხები - ერთ ლარად ვის აქვს ქონება, დაიანგარიშოს აუდიტმა და მოსთხოვეთ საშემოსავლო გადასახადი. საშემოსავლო უნდა გადაიხადოს იმაზე, რა ქონებაც აქვს მიღებული", - განაცხადა კახიშვილმა. მისივე შეფასებით, სახელმწიფომ უნდა გადახედოს - როგორ ცხოვრობენ ყოფილი თანამდებობის პირები.

"თუკი გამოძიება დაადგენს, რომ კონკრეტული თანამდებობის პირთა ჯგუფი მიზანმიმართულად ართმევდა ქონებას ადამიანებს, შეუძლიათ შესთავაზონ უბრალოდ, რომ თუ დაზარალებულების კომპენსაციას ისინი საკუთარ თავზე აიღებენ, სახელმწიფო გაუფორმებს საპროცესო შეთანხმებას", - განაცხადა კახიშვილმა. 

პრემიერის მტკიცებით კი, კახა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტი ერთ ლარად მიიღო, მაგრამ ეს კანონს ექვემდებარება.

"როგორ წარმოგიდგენიათ, ერთ ლარად რამდენი ქონებაა გაცემული და მისი შესატყვისი საშემოსავლო რა თანხას მოგვცემს?!" - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი გრძელდება და ყველა საქმე ერთობლივად ვერ დამტკიცდება.

კომენტარები