ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია

თეა წულუკიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაციას შეხვდა.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დელეგაციის წევრები წინასაარჩევნო გარემოთი და საარჩევნო სიის თემატიკით დაინტერესდნენ.

"ევროსაბჭოს დელეგაცია იმყოფება ჩვენთან წინასაარჩევნო პერიოდის განმავლობაში იმისათვის, რომ გაეცნონ, თუ როგორი გარემოა წელს შარშანდელთან შედარებით. დარწმუნებული ვარ, ისინი ხედავენ იმ ძალიან დიდ განსხვავებას, რომელიც შარშანდელ არჩევნებსა და ამჟამინდელ არჩევნებს შორის არის. მათ აინტერესებთ რეგისტრაციიდან მოხსნილი პირების საკითხი და თვითონ საარჩევნო სიის თემა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. წელს საარჩევნო გარემოს კუთხით საკრიტიკო დიდი არაფერია, რაც ქვეყნისთვის პროგრესია. ჩვენ ამაზე ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ იმისათვის, რომ მომავალი წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები კიდევ უფრო კარგ გარემოში და დემოკრატიულ ვითარებაში ჩატარდეს",- განაცხადა წულუკიანმა.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინასაარჩევნო დელეგაცია საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. წინასაარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით ევროსაბჭოდან თბილისში დეპუტატები მერიქსელ მატეუ პი, ანდრეს ჰერკელი, ჯონ ტომლინსონი, კრისტოფერ ჩოპე, ვასილი ლიხაჩევი და ბორის სილევიჩი ჩამოვიდნენ.  დელეგაცია თბილისში წინასაარჩევნო მისიას ახორციელებს, რათა 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობის პროცესი შეაფასოს.

კომენტარები