რიჩარდ ნორლანდი

ნორლანდი არასამთავრობოებსა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა

აშშ-ის ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ნორლანდმა თქვა, რომ საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის ფესვები ძალიან ძლიერია.

"ამ ვიზიტისას მქონდა საშუალება, შევხვედროდი ებრაული თემის წარმომადგენლებს, მუსლიმებს, კათოლიკეებს, ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა ხანგრძლივი ტრადიცია არსებობს საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნეთ ის, რომ საქართველოში რელიგიური ტოლერანტობის ფესვები ძალიან ძლიერია, რომ დისკრიმინაცია, თუკი ასეთი ხდება, როგორც წესი, იშვიათად, ძალიან მინიმალური მასშტაბისაა. ჩვენ ვისაუბრეთ ჭელის ამბების შესახებ. მუფთისგან მოვისმინეთ თუ რა მოხდა მინარეთის ირგვლივ. მნიშვნელოვანია, რომ დიალოგი რელიგიურ კონფესიებს შორის გაგრძელდეს, მათ ისაუბრონ უფრო ხშირად ერთმანეთში და არა იმდენად ჩვენთან, რათა გამყარდეს მშვიდობა რელიგიურ კონფესიებს შორის", - თქვა ნორლანდმა.

ნორლანდმა ასევე აღნიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიური კონფესიების მჭიდრო ურთიერთობას მთავრობასთან და პარლამენტთან - მათთან აქტუალურ პრობლემებზე მსჯელობას.

"ვისაუბრეთ განათლების ფუნდამენტური უფლების შესახებ, მათ შორის, რელიგიური განათლების. ვისაუბრეთ იმაზე, თუ რა საკანონმდებლო ბაზაა შესაქმნელი რელიგიური დანიშნულების შენობა-ნაგებობის მშენებლობასთან დაკავშირებით. თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს ურთიერთობას მეზობლებთან, მათ შორის, თურქეთთან. ვისაუბრეთ იმაზე, ხომ არ ხდება მოახლოებული არჩევნების წინ რელიგიური თემით პოლიტიკური მანიპულაცია", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ბათუმის კათოლიკური ეკლესიის წინამძღვრის გაბრიელე ბრაგანტინის თქმით, საქართველოში არსებული ტოლერანტული ტრადიცია უნდა გაგრძელდეს. 

"პრობლემა კი არ არის მხოლოდ ერთი მეჩეთის ან ეკლესიის აშენება ან დანგრევა, არამედ პრობლემაა მენტალიტეტის და კულტურის შექმნის მომენტი. ის ტოლერანტული ტრადიცია, რაც არსებობს, უნდა გაგრძელდეს. არ უნდა დარჩეს მხოლოდ უბრალო, ცარიელი სიტყვა. ამისთვის საჭიროა საზოგადოების მოქმედება", - აღნიშნა გაბრიელე ბრაგანტინმა. 

შეხვედრაზე ქართველ მუსლიმთა კავშირის ხელმძღვანელმა ტარიელ ნაკაიძემ ბათუმში მეჩეთის მშენებლობასა და სოფელ ჭელის მინარეთის დემონტაჟის საკითხზე ისაუბრა.

"ჩვენთვის აქტუალური თემა იყო მეჩეთის მშენებლობა და ჭელის მეჩეთის მინარეთი. ეს უკვე არა მხოლოდ რელიგიური, არამედ ქვეყნის დემოკრატიულობის საკითხი, საქართველოს მრავალფეროვნების საკითხია. ვცდილობთ, როგორც ამერიკასთან, ასევე დასავლეთთან გავცვალოთ ინფორმაცია. ასეთი საუბრები ხელს შეუწყობს მსგავსი ტიპის საკითხების მოგვარებას", - თქვა ნაკაიძემ.

კომენტარები