მიხეილ სააკაშვილის გამოსვლა გაეროში

ნიკოლოზ ვაშაკიძე: პრეზიდენტმა საგარეო პრობლემატიკა სწორად გააშუქა

ambebi.ge

საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის ნიკოლოზ ვაშაკიძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას საგარეო პრობლემატიკა სწორად გააშუქა. როგორც ვაშაკიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პრეზიდენტის მხრიდან საგარეო პოლიტიკურ პრობლემატიკაზე აქცენტირება სწორი მიდგომაა.

"საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი ოკუპირებულია და ამას აღიარებს საერთაშორისო საზოგადოება. ასეთ ვითარებაში საქართველოს ნებისმიერი წარმომადგენელი და, მით უმეტეს, ქვეყნის უმაღლესი პირი, საერთაშორისო არენაზე ამას ხაზს უნდა უსვამდეს, რაც გუშინდელი გამოსვლისას გაკეთდა კიდეც. რა შედეგი ექნება პრეზიდენტის განცხადებებს, ამაზე სერიოზულად ვერ ვისაუბრებთ, რადგან ძალიან მძიმე სახელმწიფოსთან გვაქვს საქმე", - აღნიშნა ვაშაკიძემ.

მისივე თქმით, ქართული მხარე ემოციაში არ უნდა ჩავარდეს იმით, რომ რუსულმა დელეგაციამ სააკაშვილის სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზი დატოვა.

"მსგავსი ქმედებები რუსულ პოლიტიკურ ელიტას ჩვევია, როდესაც საერთაშორისო არენაზე აფიქსირებენ და მიუთითებენ მათი ქმედებების დაუშვებლობაზე და უკანონობაზე. რუსეთი ცდილობს განამტკიცოს თავისი უსინდისო მესიჯი, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში მათი ქმედებები ლეგიტიმურია", - აღნიშნა ვაშაკიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის გაეროში სიტყვით გამოსვლა შეაფასა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემაც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან ისაუბრა. თუმცა, საგანელიძის აზრით, კარგი იქნებოდა, პრეზიდენტს 9 წლის განმავლობაში ეფიქრა იმ პრობლემებზე, რომლის "თავი და თავიც თვითონ არის".

"პრეზიდენტის რანგში, ეს მიხეილ სააკაშვილის ბოლო გამოსვლაა გაეროს ასამბლეაზე. ამით ისარგებლა და ნეგატიური განწყობა, რომელიც ქვეყანაში თუ ქვეყნის გარეთ მის მიმართ არსებობს, პატრიოტული გამოსვლით გადაფარა - რომ ძალიან აწუხებს ტერიტორიების დაკარგვა და ე.წ. საზღვარზე პრობლემებია. თუმცა მას დაავიწყდა, რომ ამის თავი და თავი თვითონაა. გარკვეული მიმართულებებით პრეზიდენტის პოზიცია იყო სახელმწიფოებრივი პოზიციებიდან წარმოდგენილი, მაგრამ იმ საკითხებზე, რაზეც გაეროში ისაუბრა, მიხეილ სააკაშვილს 9 წლის განმავლობაში უნდა ეფიქრა", - აღნიშნა საგანელიძემ.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქვეყანაში რუსული ოკუპაციის გაგრძელებაზე, ასევე საქართველოსა და სხვა მეზობელ სახელმწიფოებზე კრემლის ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება.

 

კომენტარები