თარგამაძის განცხადება

თარგამაძე: ქართული ოცნება რუსეთთან ღრმა კოჰაბიტაციაშია შესული

ქართული ოცნება ღრმა კოჰაბიტაციაშია შესული არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ რუსეთის ხელისუფლებასთან, - განაცხადა გიორგი თარგამაძემ. პრეზიდენტობის კანდიდატი პრემიერმინისტრის ექსპერტებთან შეხვედრას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყოვლად წარმოუდგენელია, ქვეყენაში აგრესიული ანექსიის ფონზე პრემიერმინისტრი პოულობდეს ოთხ საათს, რათა "საქმე გაურჩიოს" ექსპერტებს და დატუქსოს ისინი იმ მოსაზრებების გამო, რომელიც მას უბრალოდ არ მოეწონა. 
"უაღრესად საინტერესო სანახაობა ვნახეთ გუშინ და ყველასთვის მნიშვნელოვან და მტკივნეულ კითხვაზე მივიღეთ პასუხი, რომ რუსეთს ტერიტორია ოლიმპიადისთვის ჭირდება და გაგებით უნდა მოვეკიდოთ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოს მთავრობა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ღრმა კოჰაბიტაციაშია შესული არა მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობასთან, არამედ რუსეთის ხელისუფლებასთან", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

გიორგი თარგამაძე მიხეილ სააკაშვილის გაეროში გამოსვლასაც გამოეხმაურა. "პრეზიდენტის გაეროში გამოსვლის შინაარსთან დაკავშირებით ხარვეზის მოძებნა გაგვიჭირდება, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ საქართველოში რუსეთის მიერ ევროპული, დემოკრატიული და დასავლური ღირებულებების დისკრედიტაციაზე საუბრობს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც თავისი მართვის სტილით იყო სწორედ რუსეთის "ღირსეული" მოკავშირე დასავლური ღირებულებების დევალვაციის პროცესში", - აცხადებს თარგამაძე. 

გიორგი თარგამაძემ კომენტარი NDI-ის უახლეს კვლევაზეც გააკეთა. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, მისი და მისი გუნდის რეიტინგი გაზრდილია.

კომენტარები