პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია

დიმიტრი ქიტოშვილი: ტელეკომპანია ალანია ულიცენზიოდ მაუწყებლობდა

დიმიტრი ქიტოშვილი

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საქმიანობის შემსწავლელი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, კომუნიკაციების კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა დიმიტრი ქიტოშვილმა განაცხადა, რომ ტელეკომპანია ალანია ულიცენზიოდ მაუწყებლობდა და ამასთან დაკავშირებით მას ყოფილ შს და იუსტიციის მინისტრებთან შეხვედრები ჰქონდა. სხდომაზე მიწვეული იყო გიორგი არველაძეც.

ქიტოშვილის თქმით, შსს ალანიის სახით, ტელეპროექტს ამზადებდა, რომელიც ყოფილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე პროქართულ პროპაგანდას განახორციელებდა და ამის შესახებ მისთვის ცნობილი იყო. ქიტოშვილმა თქვა, რომ მოგვიანებით ტელეანძის ტექნიკური დირექტორისგან შეიტყო, რომ ალანიამ მაუწყებლობა არა მხოლოდ შიდა ქართლის ტერიტორიაზე, არამედ თბილისშიც დაიწყო. 

"ჩემთან მოსული იყო ბორის ადამია, რომელმაც მაცნობა, რომ ანძაზე გარკვეული პირები აყენებდნენ გადამცემს ალანიის ტრანსლირებისათვის. მე მას გავაცანი ის ინფორმაცია, რაც ჩემთვის იყო ცნობილი აღნიშნული ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით, რომ ეს იყო შსს-ს პროექტი. რაც შეეხება იმ ფაქტს, თითქოსდა, ადამიამ ჩემგან მიიღო სიტყვიერი დავალება ალანიის ტრანსლირებასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება. მე ვეცადე მისგან შორს დამეჭირა თავი და ვუთხარი, რომ ამის შესახებ საქმის კურსში მას მისი ზემდგომი ორგანოები ან თავად შსს ჩაეყენებინა", - განმარტა დიმიტრი ქიტოშვილმა.

მისივე განცხადებით, მას შეხება ამ ტელევიზიასთან არ ჰქონია და არც მის დამფუძნებლებს და დირექტორებს შეხვედრია.

"ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ალანია ულიცენზიოდ მაუწყებლობდა და ამასთან დაკავშირებით ივანე მერაბიშვილთან, ზურაბ ადეიშვილთან და ამირან მესხელთან არაერთი შეხვედრა მქონდა, რა დროსაც ტელეკომპანიის სამართლებრივ ფორმებში მოქცევას ვითხოვდი. პასუხი იყო, რომ ისინი მოაგვარებდნენ ამ პრობლემას, თუმცა ეს საკითხი ჩემი თავმჯდომარეობის პერიოდში არ მომხდარა", - დასძინა დიმიტრი ქიტოშვილმა. ქიტოშვილმა თქვა, რომ ალანიას ულიცენზიოდ მაუწყებლობის საკითხი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის უფლებამოსილებას სცილდებოდა, რადგან აღნიშნული კომისია მონიტორინგს მხოლოდ ლიცენზირებულ მაუწყებლებზე ახდენდა, ეს შემთხვევა კი სხვა კანონის რეგულირების თემას წარმოადგენდა.

საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ თინათინ ხიდაშელმა განაცხადა, რომ ალანიის დამფუძნებლებისა და დირექტორების, ასევე ლიბერთი ბანკის და მერიის წარმომადგენლების არგამოცხადების შემთხვევაში, კომისია შსს-ს მიმართავს და კანონის შესაბამისად, მათ იძულებით მოიწვევს.

კომენტარები