ახალი კანონპროექტი

ქართული ენის არცოდნის გამო მედია და თანამდებობის პირები დაჯარიმდებიან

საქართველოს პარლამენტი
RFE/RL

სახელმწიფო ენის ნორმების დარღვევა თანამდებობის პირებისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ადმინისტრაციული წესით პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ამ შინაარსის კანონპროექტის ინიცირება დღეს პარლამენტის განათლების კომიტეტზე მოხდა. კანონპროექტის მიხედვით, ცვლილება, სახელმწიფო ენის შესახებ კანონის გარდა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსშიც უნდა შევიდეს.

ცვლილების მიხედვით, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო ენის არცოდნის მოტივით განცხადების ან წერილობითი დოკუმენტის მიღებაზე უარის თქმა, გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 200-დან 500 ლარამდე. ხოლო იგივე ქმედების განმეორებით ჩადენის შემთხვევაში  ჯარიმა 500-დან 1 500 ლარამდე გაიზრდება.  

ასევე, ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს ფიზიკური პირისათვის ენობრივი ნიშნით განათლების არჩევის უფლების შეზღუდვა ან დისკრიმინაცია. ამ შემთხვევაში ფიზიკური პირი 200 -დან 500 ლარამდე, ხოლო  იურიდიული პირი - 500-დან 1 500 ლარამდე დაჯარიმდება. დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი ჯარიმის სახით 500-დან 1 500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირი - 3000 ლარამდე გადაიხდის.

ამავე კანონის მიხედვით, ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დარღვევა არც მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს ეპატიებათ: პირველ ჯერზე 1 000-დან 5 000 ლარამდე, ხოლო განმეორების შემთხვევაში  10 000 ლარამდე დაჯარიმდებიან. 

კომენტარები