მარტოხელა დედების უფლებები

არასამთავრობოებმა მარტოხელა დედების მეტად დასაცავად კანონპროექტი მოამზადეს

ძალადობისაგან დაცვის ეროვნულ ქსელს, ფონდ ღია საზოგადოება-საქართველოსა და USAID-ის მიერ დაფინანსებული პროექტის "სისტემური ცვლილებების ხელშეწყობა მარტოხელა დედებისთვის, სოციალური და სამართლებრივი გარანტიების უზრუნველსაყოფად" ფარგლებში, სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სახელმწიფო ორგანოებთან თანამშრომლობით, მომზადებული აქვს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც შეეხება "მარტოხელა დედის" სამართლებრივი სტატუსის ასახვას საქართველოს კანონმდებლობაში, აგრეთვე მსგავსი კატეგორიის პირებისათვის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიების შექმნას.

ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში "საქართველოს შრომის კოდექსში" შევა ცვლილებები და დამატებები, კონკრეტულად კი, მე-17 მუხლის მეორე პუნქტის მიხედვით, აიკრძალება ორსული ან ახალნამშობიარები ქალის, მარტოხელა დედისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ზეგანაკვეთურ სამუშაოზე დასაქმება მისი თანხმობის გარეშე. ასევე, კანონის მე-19 მუხლის თანახმად, დასაქმებულ მარტოხელა დედას მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა დამატებითი შესვენება დღეში არანაკლებ 1 საათისა. მარტოხელა დედისათვის მიცემული აღნიშნული შესვენება ითვლება სამუშაო დროში და ანაზღაურდება.

"საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე შეიზღუდება მარტოხელა დედის სამსახურიდან განთავისუფლება
ბავშვის 5 წლის ასაკამდე აღზრდის პერიოდში.

დარედაქტირდება და ცვლილებები შევა ასევე კანონთა შემდგომ ჯგუფში: კანონში "სოციალური დახმარებების შესახებ" "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" და "საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში".

ძალადობისგან დაცვის ეროვნული ქსელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ საქსტატის მონაცემებით, 2000-2013 წლის ჩათვლით საქართველოში 3000 ბავშვია დაბადებული, რომელთა დაბადების მოწმობაში, მამის გრაფა ცარიელია.

"ამ მშრალი ციფრების მიღმა, საკუთარი მამებისაგან უარყოფილი ბავშვები და ასობით ქალია, რომელთაც განსაკუთრებული ზრუნვა და სამართლებრივი დაცვა სჭირდებათ", - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც დღეს აღნიშნული საკითხის განხილვას თბილისი მარიოტში ჟურნალისტებისთვის აწყობს.

კომენტარები