მიხეილ სააკაშვილი

ალბანეთის პრემიერი: ჩვენი პოლიტიკოსებისთვის სააკაშვილი გმირია

ედი რამა

საქართველოს პრეზიდენტი აშშ-ში, ალბანეთის პრემიერმინისტრს ედი რამას შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში პარტნიორობის მიმართულებები განიხილეს. 

მიხეილ სააკაშვილმა იმ მსგავსებებზე ისაუბრა, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს და სხვადასხვა სფეროში გამოცდილების გაზიარების მზადყოფნა გამოთქვა.

"ჩვენ ორივეს ერთნაირი გამოწვევები გვქონდა, სიღარიბე, უიმედობა, სწრაფი ცვლილებების ენთუზიაზმის არსებობა და გამოუცდელობა. ასევე კომუნიზმის და კრიმინალის ძალიან მძიმე მემკვიდრეობა. ვფიქრობ, ალბანელებს გაუმართლათ, ასეთი პრემიერმინისტრი რომ ჰყავთ. ევროპას კი გაუმართლა, რადგან ასეთი ახალი ლიდერი ჰყავს. ჩვენ განვიხილავდით იმ გზებს, რითიც გამოცდილებების გაზიარება შეგვიძლია. პრემიერი დაინტერესდა საქართველოს საჯარო სექტორის და პოლიციის რეფორმით, ჩვენ კი მზად ვართ ისინი ექსპერტებით მოვამარაგოთ. გვინდა, მათ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. ჩვენს ქვეყნებს შორის ბევრი მსგავსებაა, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ალბანეთის პოლიტიკა დღეს უკეთეს მდგომარეობაშია და წარმატების მეტი შანსი აქვს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ალბანეთის პრემიერმინისტრმა საქართველოში პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში განხორციელებულ რეფორმებზე გაამახვილა ყურადღება.

"ჩვენი მეგობარი საქართველოს პრეზიდენტი გმირია ალბანეთის ახალგაზრდა თაობის პოლიტიკოსებისთვის. მისი ღვაწლი ქვეყნის წინაშე ძალიან დიდია. ჩვენ კი მან დაგვიმტკიცა, რომ არაფერია შეუძლებელი, თუკი ადამიანს აქვს მტკიცე ხედვა და უნარი, რომ მიჰყვეს მას. ამავე დროს, ჩვენ გაგვიმართლა, რადგან მისი გამოცდილებისგან ვსწავლობთ და შეგვიძლია ერთმანეთში გავცვალოთ ჩვენი იდეები. მოხარული ვარ, რომ შემიძლია მას გავუზიარო ჩემი შეხედულებები - როგორ ვებრძოლოთ მარტივ პოპულიზმს და მარტივ რიტორიკას ცვალებად სამყაროში, რაც შესაძლოა ბოლოს კოშმარად იქცეს", - განაცხადა ედი რამამ.

კომენტარები