სიმპოზიუმი

პრემიერი: ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია ეტაპობრივი პროცესია

fb.com/OfficialBIDZINAIVANISHVILI

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების განმტკიცებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს. როგორც ივანიშვილმა სასტუმრო რადისონში გამართულ სიმპოზიუმზე თქვა, ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც საქართველოს ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბების შესაძლებლობას მისცემს. ივანიშვილის შეფასებით, ეს ქართველ ხალხს კარგად ესმის.

"ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომ საქართველოს ამ არჩევანს ხორცი შეესხას, რათა შენარჩუნდეს ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის პროცესის პოზიტიური დინამიკა. საქართველო განაგრძობს ამ მიმართულებით აქტიური პოლიტიკის გატარებას და ამ პროცესში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხარდაჭერას. დღეს, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ კი, დასავლელი პარტნიორების, მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა. საქართველოს ახალ მთავრობას გაცხადებული აქვს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და, შესაბამისად, დაგეგმილი აქვს თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში გასატარებელი რეფორმები. ამ მიმართულებით საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და მინდა გითხრათ, რომ ეს პროცესი შეუქცევადია", - აღნიშნა ივანიშვილმა. პრემიერის თქმითვე, საქართველოს მთავრობას კარგად ესმის, რომ ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაცია ეტაპობრივი პროცესია. 

"ჩვენ რეალისტები ვართ. ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ვასრულებთ ნაკისრ ვალდებულებებს. მზად ვართ, განვაგრძოთ ეს გზა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ღირსეულ ადგილს დაუმკვიდრებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, საქართველო შეასრულებს 2004 წლის უშიშროების საბჭოს რეზოლუციას, NATO-ს ყოველწლიური სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ვალდებულებას და ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული ქარტიის დანაწესებს.

"მისასალმებელი და საპატიოა ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს თაოსნობით საქართველოში ტარდება სიმპოზიუმი, რომელიც ეხება ევროკავშირთან თანამშრომლობას სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის სფეროში. ჩვენთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ დღეს შესაძლებლობა გვაქვს ერთად განვიხილოთ ჩვენი ქვეყნისა და საერთოევროპული უსაფრთხოებისთვის აქტუალური საკითხები. პირველ რიგში, მადლობას მოგახსენებთ იმ მტკიცე და თანამიმდევრული მხარდაჭერისთვის, რომელსაც ჩვენი მეგობარი და პარტნიორი ქვეყნები უწევენ საქართველოს, დემოკრატიული განვითარებისაკენ მიმავალ გზაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია ჩვენთვის, რადგან მხოლოდ ამ გზით, მხოლოდ საერთო ძალისხმევით შეგვიძლია მივაღწიოთ პოზიტიურ ცვლილებებს რეგიონში. ჩვენი ამოცანაა განვამტკიცოთ მშვიდობა, გზა გავუხსნათ მდგრად დემოკრატიულ განვითარებას სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შევძლოთ იმ უდიდესი პოტენციალის სრულად გამოყენება, რომელიც ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონს აქვს", - განაცხადა პრემიერმა.

სიმპოზიუმი, რომელსაც საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი და ევროკავშირის დელეგაცია მასპინძლობენ, სასტუმრო რადისონ ბლუ ივერიაში გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს პრემიერი, თავდაცვის, ფინანსთა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 

სიმპოზიუმზე ექსპორტის კონტროლის კანონპროექტში შეტანილი ცვლილებები განიხილეს. კანონპროექტი აშშ-ის, ევროკავშირისა და გერმანიის ექსპორტის კონტროლის ფედერალური სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტის წევრებსა და საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეებთან თანამშრომლობით შეიქმნა. კანონის მიზანია მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან საქართველოს დაახლოება, აგრეთვე NATO-სა და ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის ხელშეწყობა.

კომენტარები