პატრიარქის განცხადება

ილია მეორე: აფხაზეთის ომს გამარჯვებული არ ჰყავს

აფხაზეთის ომი ტრაგედიაა, სადაც აფხაზები, რუსები და ქართველებიც დამარცხდნენ - ამის შესახებ პატრიარქმა ილია მეორემ სამების ტაძარში განაცხადა.

პატრიარქის თქმით, იგი 11 წლის განმავლობაში აფხაზეთში მიტროპოლიტი იყო და არ ახსოვს რაიმე გაუგებრობის არცერთი შემთხვევა აფხაზებსა და ქართველებს შორის. მან 20 წლის წინ აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა გაიხსენა და მას თავდადებისთვის წმინდა გიორგის ოქროს ორდენი მიანიჭა. "მინდა გავიხსენო ზოგიერთი ადამიანი - ჟიული შარტავა, ის იყო და არის გმირი. ის იყო უშიშარი. როდესაც ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი აფხაზეთში ომის დროს ჩავიდა, მას აღუპყრია ხელები ცისკენ და უთქვამს - ღმერთმა მე დამსაჯოს, თუ საქართველო გადარჩება. იმ დღეებში ჟიული შარტავა და სხვები დახვრიტეს. ტრაგედიის შემდეგ სრულიად უცნობი პირისგან მივიღე წერილი. ჟიული შარტავას დახვრეტის დროს, ამ უცნობს უკითხავს, თუ ვინ იყო ეს პიროვნება. იგი წერდა, რომ სახელი და გვარი რომ არ დავიწყებოდა, ასანთის კოლოფზე ჩაიწერა. თქვენ უნდა იამაყოთ, რომ ასეთი თავდადებული შვილები ჰყავს საქართველოს, - წერდა უცნობი. ჩვენ მართლაც ვამაყობთ და ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული", - აღნიშნა პატრიარქმა.

ეკლესიის კიდევ ერთი უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი პატრიარქმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა. პატრიარქის თქმით, ამ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, შესაბამისად, ეს ჯილდო მან დღეს გია გვაზავას გადასცა.

ილია მეორის თქმით, აფხაზეთის ომი ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები ამას გრძნობენ. "ჩვენ დღეს ვლოცავთ არა მარტო ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, სხვა ერის წარმომადგენლებს. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას", - აღნიშნა ილია მეორემ. პატრიარქის თქმით, ამიერიდან, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, "აფხაზეთობას" აღნიშნავენ. სვიმონ კანანელი აფხაზეთშია დასაფლავებული.

კომენტარები