ევროპის ჩემპიონატი ძალოსნობაში

ლაშა ტალახაძე ახალგაზრდა ძალოსანთა შორის ევროპის ჩემპიონი გახდა

ლაშა ტალახაძე
msy,gov.ge

ტალინში მიმდინარე 20-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ძალოსნობაში, ქართველმა ლაშა ტალახაძემ ოქროს მედალი მოიპოვა. ტალახაძე, რომელმაც მაისში პერუს დედაქალაქში ახალგაზდა ძალოსანთა შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე პირველი ადგილი დაიკავა, მძიმე წონოსანთა შორის ფავორიტად მიიჩნეოდა.

ქართველმა სპორტსმენმა გამარჯვება იმაზე ადვილად შეძლო, ვიდრე ამას სპეციალისტები ელოდნენ. იქამდე სანამ ტალახაძე ფიცარნაგზე გავიდოდა, ყველაზე მაღალი შედეგი რუსეთის სახელით მოასპარეზე კარენ მარტიროსიანს ჰქონდა ნაჩვენები - 175კგ. ატაცში ქართველმა ძალოსანმა პირველ ცდაზე 182 კილოგრამი აიტაცა, მეორე ჯერზე 190-იც დაძლია, მესამე ცდის გამოყენებაზე კი უარი განაცხადა. 

რაც შეეხება აკვრას, იქაც ერთადერთი ვისაც ტალახაძისთვის კონკურენციის გაწევა შეეძლო, მარტიროსიანი იყო რომელმაც 200 კგ. დაძლია. ქართველმა სპორტსმენმა აქაც დიდი უპირატესობით გაიმარჯვა, რადგან პირველ ჯერზე 210, შემდეგ კი 225 კილოგრამის აკვრა შეძლო. ამ მაჩვენებლით, ტალახაძემ მეორე ადგილზე გასულ სპორტსმენს 40 კგ-ით გაუსწრო, რაც ძალიან დიდი უპირატესობაა.

კომენტარები