მსჯავრდებულთა გათავისუფლება

67 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დატოვებს

დღეს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც 67 მსჯავრდებულის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღეს. მათ შორის 14 ქალბატონია. კომისიამ ქალების საქმეები ზეპირი მოსმენით განიხილა. 

კომისიის სხდომა სასჯელაღსრულების დეპარტამენტის #5 დაწესებულებაში გაიმართა. გადაწყვეტილება ქალ მსჯავრდებულებს კომისიის წევრებმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ და სასჯელარსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიგა გიორგაძემ გააცნეს.

კომისიის წევრებმა იმ მსჯავრდებულთა შუამდგომლობები განიხილეს, რომლებიც ადმინისტრაციის მხრიდან დადებითად ხასიათდებიან და მოხდილი აქვთ ნაკლებად მძიმე დანაშულზე სასჯელის ნახევარი, მძიმეზე - 2/3, ხოლო განსაკუთრებით მძიმეზე -3/4. 

შუამდგომლობების განხილვისას, კომისიის წევრებმა მსჯავრდებულთა ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობა გაითვალისწინეს. ასევე მსჯავრდებულის მხრიდან დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკები შეფასდა.

კომისიამ ჯამში 300 მსჯავრდებულის საქმეს გადახედა.

კომენტარები