უწყებათაშორისი კომისია

თინათინ ბოკუჩავა: უწყებათაშორის კომისიაში დარჩენის საკითხს დღეს გადავწყვეტთ

primetimenews.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა უწყებათაშორის კომისიაში დარჩენის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. როგორც ბოკუჩავამ დღევანდელი სხდომის დაწყების წინ აღნიშნა, ნაციონალურმა მოძრაობამ კომისიაში 32 საჩივარი შეიტანა, თუმცა, წერილობითი პასუხი არცერთ მათგანზე არ მიუღია.

"ერთადერთი პასუხი იყო, რომ მასალები გადაეცა პროკურატურას, თუმცა ამას რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. შესაბამისად, თუ დღეს კომისია გადაწყვეტს, დაამტკიცოს ერთთვიანი მუშაობის ანგარიში, ამით დაადასტურებს, რომ კომისია არის უბრალოდ ფიქცია, ფარსი, არ ასრულებს თავის მოვალეობას. ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ გვინდა კომისიის მუშაობაში მონაწილეობა, დავტოვებთ კომისიას. იმ ვითარებაში, როცა არცერთ საჩივარზე რეაგირება არ მომხდარა და საუბრის საშუალებაც კი არ მეძლევა, კომისიაში ჩვენი ყოფნა უბრალოდ აზრს კარგავს", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ. 

ცნობისთვის, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისია დღეს ერთთვიან მუშაობას აჯამებს. 

"დღეს არის საკმაოდ საინტერესო სხდომა, რადგან ერთთვიანი მუშაობის შედეგებს შევაჯამებთ. ეს არის ის პერიოდი, როდესაც უწყებათაშორისი კომისია გადმოვიდა იუსტიციის სამინისტროს ფარგლებში და ახალ ფორმატში დაიწყო მუშაობა. დღეს მოვისმენთ ინფორმაციას, რა საჩივრები შემოვიდა, რა რეაგირება იყო მასზე და რეკომენდაციები გაიცა შესაბამისი უწყებების მისამართით - შემოსული წერილებიდან გამომდინარე", - აცხადებს უმრავლესობის წევრი ირინა იმერლიშვილი. მისივე თქმით, კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, საკრებულოს წევრთა, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და გამგებლების იმპიჩმენტის პროცესი, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

კომენტარები