საპროტესტო აქცია

მამუკა ქაცარავა: ამ ფორმით პროტესტს ქაოსი მოჰყვება

თბილისის მერიასთან შეკრებილ სოციალურად დაუცველებს მერიის სოციალური მომსახურების სამსახურის უფროსი მამუკა ქაცარავა გამოეხმაურა. ქაცარავას განცხადებით, ქვეყანას აქვს სოციალური დაცვის პოლიტიკა, რომელიც ითვალისწინებს სოციალურად ყველაზე დაუცველი მოსახლეობის მხარდაჭერას, სისტემა სარეიტინგო ქულებით შეფასებას ეყრდნობა და ჯერჯერობით, მერია ამ პოლიტიკას მიჰყვება. მისი განმარტებით, სოციალურ ბაზას ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ადგენს და შესაძლოა იქ იყოს ხარვეზები, თუმცა ყოველწლიურად ხდება ამ ხარვეზების გამოსწორებაც.

ქაცარავას თქმით, ჯერჯერობით ქვეყანას საბინაო პოლიტიკა არ აქვს და ამაზე პარლამენტმა უნდა იმუშაოს, რომ საბინაო ფონდი შეიქმნას. ამასთან, ქაცარავას განმარტებით, სოციალური ბინათმშენებლობების გარკვეული მინიპროექტები უკვე დაწყებულია და თუკი ვინმე პროტექსტს გამოხატავს, რომ იქ ვინმე არასწორად არის შერჩეული, მერია ამას ვერ დაეთანხმება, რადგან შერჩევა მოხდა კომპეტენტური საბჭოს მიერ, რომელშიც მხოლოდ მერიის წარმომადგენლები არ შედიან. ქაცარავას თქმით, კონკრეტული პირების დასახელების შემთხვევაში, ვინც არასწორად შეირჩა, მერია ამ ინფორმაციას გადაამოწმებს, თუმცა ხშირად ზოგადი ფაქტებით პროვოცირება ხდება.

"ამ ფორმებით პროტესტის გამოხატვა ჩვენთვის მიუღებელია. ამ ფორმით პროტექსტს ჩვენ ვერ წავახალისებთ, რადგან ამას ქაოსი მოჰყვება. დახმარებების რაოდენობა ორჯერ გაიზარდა, ამასთან, ინდივიდუალურად ხდება მოქალაქეების მდგომარეობის შესწავლა, მაგრამ არა ამ ფორმით. უნდა იცოდნენ ბენეფიციარებმა, რომ ამ ფორმების წახალისება მომავალში არ მოხდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გამოვლინდნენ ყველაზე გაჭირვებულები", - აღნიშნა მამუკა ქაცარავამ. 

კომენტარები