ოკუპირებული ტერიტორიები

პრემიერი პრეზიდენტის შეთავაზებაზე: სააკაშვილი კარგ მასწავლებლად ვერ გამოდგება

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის შეფასებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კარგ მასწავლებლად ვერ გამოდგება. როგორც ივანიშვილმა მიხეილ სააკაშვილის შეთავაზების კომენტირებისას აღნიშნა, პრეზიდენტმა თავის განცხადებაში ისიც თქვა, რომ ახლა უფრო მეტი ტერიტორიები იკარგება, ვიდრე 2008 წელს.

"ეს შედარება როგორ მოგწონთ? ჯანსაღია? 2008-ის და დღევანდელი ტერიტორიების გადმოწევა შედარებადია? საერთოდ, ბოლო განცხადებებში, რაც მათი მხრიდან კეთდება, თუნდაც რუსეთთან დაკავშირებით, ისეთი პოზიცია აქვთ, რომ ჩვენ გვასწავლიან ჭკუას - როგორ უნდა მოვიქცეთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. მისივე თქმით, არავინ ამართლებს რუსეთის აგრესიას, "მაგრამ ის, რომ საქართველოს ტერიტორია ოკუპირებულია, წინა ხელისუფლების უმეცრების დამსახურებაა". 

"მათ გააკეთეს უამრავი სისულელე სწორედ მიხეილ სააკაშვილის თამადობით. 2008 წლამდე არ გაფუჭდა რუსეთთან ურთიერთობები? ამ კაცს არა აქვს ლომის წილი ამაში? დღეს უნდა ვისწავლოთ მისგან ჩვენ? იგივე რიტორიკას აგრძელებს და ჰგონია, რომ მაგ რიტორიკით რამე მოიგო და რამე გააკეთა? შესაბამისად, უნდა ვისწავლოთ მისგან, ვისაც კარგი მაგალითები და მიღწევები აქვს. ნაციონალური მოძრაობის და პირადად სააკაშვილის მიღწევებიდან გამომდინარე, მათი სასწავლებელი ჩვენ არაფერი არ გვჭირს", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ "სააკაშვილის მთავრობის გაფუჭებულ საქმეს" აუცილებლად გამოასწორებენ. 

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა გუშინ, აშშ-დან დაბრუნების შემდეგ, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა. მისივე თქმით, ბოლო თვეებში ქართულმა მხარემ უფრო მეტ სახნავ-სათეს და სასოფლო-სამეურნეო მიწებზე დაკარგა კონტროლი, ვიდრე 2008 წლის ცხელი ომის დროს ქურთასა და თამარაშენში.

"ამის შესახებ, მსოფლიოში პრაქტიკულად ვერავინ გაიგო", - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

 

კომენტარები