ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმე

თელასის მენეჯერის მკვლელობის საქმეზე, ექსპერტებს დაკითხავენ

თელასის მენეჯერის ნიკა ლომინაძის მკვლელობის საქმეზე უვადო პატიმრობამისჯილი გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას განაჩენის გადასინჯვის პროცესი 4 ოქტომბერს განახლდება. დღევანდელ განხილვაზე კი, დაცვის მხარემ სააპელაციო სასამართლოს წინაშე რამდენიმე შუამდგომლობა დააყენა. პირველი შუამდგომლობა ეხებოდა რამდენიმე დამოუკიდებელი ექსპერტის დაკითხვას. სასამართლომ შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაიკითხებიან და საქმეში ჩაიდება ექსპერტების - გეჯაძისა და ქობულაშვილის საექსპერტო დასკვნები.

დღევანდელ სხდომაზევე, ცნობილი გახდა ჟურნალისტ ვახტანგ კომახიძის სასამართლოსადმი მიმართვა. კომახიძე ითხოვდა, რომ საქმეში ჩაედოთ საგამოძიებო ჟურნალისტიკის შედეგად მოპოვებული მისი მასალები და განეხილათ ისინი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეს მასალები საქმეში ჩაიდება. გარდა ამისა, დაცვის მხარემ დღევანდელ სხდომაზე დააყენა პროკურორების აცილების შუამდგომლობაც. დაცვის მხარემ პროკურორებს არაკომპეტენტურობაში დასდო ბრალი. ეს შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა. 

დაცვის მხარემ ასევე ითხოვა თელასის თანამშრომლობის დაკითხვა, თუმცა, სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა იმ მიზეზით, რომ საქმის განხილვის ამ ნაწილში თანამშრომლების დაკითხვის აუცილებლობა არ დგას. ადვოკატების კიდევ ერთი შუამდგომლობა იყო პროკურატურიდან ინფორმაციის გამოთხოვა იმასთან დაკავშირებით - დაიწყო თუ არა ექსპერტ გიორგი ცინცაძის მიმართ გამოძიება ცრუ ჩვენების ბრალდებით. ასევე, საქმეში მონაწილე ერთ-ერთი პირი ნოდარ გვიჩიანი ზის თუ არა უკრაინის ციხეში, თუმცა სასამართლომ აღნიშნული შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზე უარი თქვა. 

თელასის მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, ბახტრიონზე მდებარე საკუთარ საცხოვრებელ სახლში მოკლეს. მისი მკვლელობის შემკვეთად თელასის ექსპერტი გია გვიჩიანი ცნეს და 2006 წელს დააკავეს. უვადო პატიმრობამისჯილი გვიჩიანი თავს უდანაშაულოდ ცნობს. იგი თავის დაკავებას სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გადაფარვის მიზანს უკავშირებს.

 

კომენტარები