რთველი

ღვინის ეროვნული სააგენტო: უხარისხო ყურძენს სახელმწიფო კომპანიები იბარებენ

marikaxidir.blogspot.com

რთველის წინასწარი პროგნოზი სრულად გამართლდა. ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტრო აცხადებს. სამინისტროს ინფორმაციით, კერძო სექტორის იაფი კრედიტითა და ფასის სუბსიდირების შედეგად საფერავზე მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, რის გამოც საფერავის ჯიშის ყურძნის ათვისება მთლიანად კერძო სექტორის მიერ ხდება, ხოლო სახელმწიფოს მხოლოდ ჭარბი თეთრი ყურძნის ჩაბარება უწევს. ამავე ინფორმაციით, სახელმწიფო კომპანიების მიერ შესყიდული და გადამუშავებულია ყურძნის საერთო რაოდენობის 15%, აქედან დაზიანებული საფერავის რაოდენობა 190 ტონას შეადგენს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, კერძო სექტორისთვის ნაკლებად საინტერესოა სიღნაღის რაიონისა და ლაგოდეხის თეთრი ყურძენი, რომლის ჩაბარებაც სახელმწიფო საწარმოებს უწევთ. ცქიტიშვილის განმარტებით, ეს ყურძენი ღვინისწარმოებისთვის ხარისხიანი არ არის, ამიტომ მის დაბინავებას თავის თავზე სახელმწიფო იღებს.

„ეს პროცესი მიდის კერძო სექტორის ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინებით, რომ მათ არ მოუწიოთ უხარისხო ყურძნის მიღება, ხოლო გლეხები შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ,“ - აღნიშნავს ცქიტიშვილი. მისი თქმით, უხარისხო ყურძენს სახელმწიფო კომპანიები 40-45 თეთრად იბარებენ: "ასეთი - საერთო რაოდენობის 1%-ზე ნაკლებია."

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ყურძნის მიღება-ჩაბარების პროცესში ჩართულია 81 კომპანია, აქედან 79 არის კერძო, ხოლო ორი - შპს გრუზვინპრომი და შპს აკურა - სახელმწიფო კომპანიაა. 29 სექტემბრის მდგომარეობით, კომპანიებმა 80 ათას ტონაზე მეტი მიიღეს და გადაამუშავეს. კერძო კომპანიებისთვის ყურძნის მიღების საშუალო ფასი 1 ლარია.

სამინისტროს ინფორმაციით, ლარზე ძვირი ღირს იმ ჯიშის ყურძენი, რომელიც მევენახეობის სპეციფიკურ ზონებში - მუკუზანი, ახაშენი, ქინძმარაული - მოდის და რისგანაც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოები მზადდება. თუმცა ამ ჯიშის ყურძენი მცირე რაოდენობით იყიდება. მაგალითად, სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიხედვით, საფერავის მაქსიმალური ფასი 2.10 ლარი იყო, თუმცა ამ ფასად მხოლოდ 76 ტონა ყურძენი გაიყიდა და გადამუშავდა; რქაწითელის მაქსიმალური ფასი 1.40 ლარი იყო, თუმცა ამ ფასად მხოლოდ 72 ტონა ყურძენი გაიყიდა და გადამუშავდა; მწვანე კახურის მაქსიმალური ფასი 1.45 ლარი იყო, თუმცა ამ ფასად 98 ტონა ყურძენი გაიყიდა და გადამუშავდა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რთველი მალე დასრულდება. 

კომენტარები