ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გამოძიება

ალასანია: თუ შსს ვერ გამოიძიებს ჯიჰადის კლიპების ამბავს, ჩვენ გამოვიძიებთ

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ დრომდე ვერ გამოიძია ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეოების დამზადებისა და გავრცელების ამბავი. მისივე თქმით, ამ ამბის გამოძიება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ტვ 3-ის ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა.

"მე დიდი იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში გარკვეულწილად ნათელი მოეფინება ამ საკითხს, ან ყოველ შემთხვევაში, შეიარაღებულ ძალებს და თავდაცვის სამინისტროს ექნება ინფორმაცია, რამდენად შესაძლებელია პროგრესი ამ კუთხით, იმიტომ რომ ჩვენ ჩვენი სადაზვერვო შესაძლებლობები გაგვაჩნია, ჩვენ ჩვენი პარტნიორები გვყავს იმ საქმეში, რასაც ვაკეთებთ და ამიტომ, მაშინ ალტერნატიულ გზებს მივმართავთ ჭეშმარიტების დადგენის. თუკი პროგრესი არ იქნა მიღწეული გამოძიებაში, რომელსაც აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ბუნებრივია, ჩვენ ჩავრთავთ ჩვენს საერთაშორისო და სადაზვერვო რესურსს, რაც გააჩნია თავდაცვის სამინისტროს, იმიტომ რომ ეს იყო პირდაპირი თავდასხმა ქართულ შეიარაღებულ ძალებზე. მე მესმის, რომ ეს რთულია. თავად ღარიბაშვილმა და გამოძიებაში ჩართულმა სხვა პირებმაც ამიხსნეს, რომ მართლაც რთულია გამოსაძიებლად, მაგრამ უნდა გამოვიძიოთ", - თქვა ირაკლი ალასანიამ.

ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეოები Youtube-ზე 2013 წლის ივლისში გავრცელდა. ვიდეორგოლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედროების მიმართ იყო მუქარის გზავნილები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ დაუდგენია ამ კლიპების დამამზადებლისა და გამავრცელებლის ვინაობა.

კომენტარები