ვანო მერაბიშვილის განცხადება

მერაბიშვილის თქმით, ივანიშვილი ეკონომიკურ ზრდაზე ძველი მონაცემებით საუბრობს

www.ipn.ge

წინასწარ პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი ვანო მერაბიშვილი მოქმედ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილის ციხიდან პასუხობს ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით. 25 სექტემბერს ივანიშვილმა ანალიტიკოსებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საქართველო ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტით უფრო ღარიბია, ვიდრე სომხეთი და რომ საქართველო ზრდის ტემპით უკანასკნელ ადგილზეა რეგიონში.

ვანო მერაბიშვილის დღეს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო უკანასკნელი წლების განმავლობაში მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით სომხეთის რესპუბლიკას უსწრებს.

მერაბიშვილი საქართველოზე სწრაფად განვითარებად ქვეყნად რეგიონში მხოლოდ აზერბაიჯანს მიიჩნევს, ივანიშვილს კი მოუწოდებს, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მონაცემები რუსეთის, უკრაინისა და თურქეთის შედეგებს შეადაროს.

"მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2004-2012 წლებში რუსეთის ეკონომიკის საშუალო წლიური ზრდა იყო 4,43%, უკრაინის 3,01%, ხოლო თურქეთის 5,05%, მაშინ როდესაც საქართველოში ანალოგიური მაჩვენებელი, 2008 წლის ომის შედეგების მიუხედავად, 6,1%-ს შეადგენდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით ეს მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება - რუსეთი 4,43%, უკრაინა 3,07%, თურქეთი 5,05%, ხოლო საქართველო 6,18%", - ნათქვამია ვანო მერაბიშვილის განცხადებაში, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახურმა გაავრცელა.

კომენტარები