საპარლამენტო დებატები

პავლე კუბლაშვილი: საქართველოს მთავრობას ხშირად უწოდებენ უკომპასო მთავრობას

0 კომენტარი
ფოტო: chveniambebi.info

საქართველოს მთავრობას ხშირად უწოდებენ უკომპასო მთავრობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა პავლე კუბლაშვილმა ეკონომიკური საკითხების შესახებ პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

კუბლაშვილის თქმით, როდესაც გადაწყვეტილებები მკვეთრად და ხშირად იცვლება, ინვესტორს უჩნდება განცდა, რომ ქვეყანას ეკონომიკური პოლიტიკა არ გააჩნია. ამის მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წევრმა უმრავლესობას სასოფლო-სამეურნეო მიწაზე მორატორიუმის დაწესებასთან მიღებული ნაჩქარევი გადაწყვეტილებები შეახსენა. "ახლა როცა პრემიერმა გააკრიტიკა ინიციატივა და თქვა, რომ მორატორიუმი უნდა გაუქმდეს, დარწმუნებული ვარ, თქვენ იმავე ტონით იტყვით, რომ ეს ინიციატივა არ ვარგოდა", - აღნიშნა კუბლაშვილმა. მისივე თქმით, იგივე შეიძლება ითქვას პორტის მშენებლობაზე და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში ანაკლიის როლზეც: პარლამენტარი დარწმუნებულია, რომ მას შემდეგ, რაც ამ მიმართულებით გეგმები ბიძინა ივანიშვილს გაუჩნდა, საპარლამენტო უმრავლესობის შეფასებებიც უფრო დადებითი გახდება.

კუბლაშვილის განცხადებით, ინვესტორებისთვის უარყოფითი გზავნილია თამბაქოზე აქციზის და მინერალურ წყლებზე მოსაკრებლის გაზრდა. მისი შეფასებით, გაუთვლელი იყო დაუბეგრავი მინიმუმის შემოღებაც, რომლის ეფექტიც მოსახლეობას არ უგრძვნია, ხოლო ეკონომიკაზე წნეხი მნიშვნელოვნად გაიზრდება, როცა ამ ვალს მთავრობა ფულის ბეჭდვით დააფინანსებს.

კუბლაშვილმა მთავრობის ორმაგ სტანდარტსაც გაუსვა ხაზი. მისი თქმით, იმ დროს, როცა წინა ხელისუფლებას ახალი მთავრობა ერთ-ერთ ძირითად ბრალად მონოპოლიების წახალისებას უყენებს, თვითონ უყრის საფუძველს რეალური მონოპოლიების გაჩენას. "თქვენ ხელში ფოსტა გახდა მონოპოლისტი. ფინანსთა სამინისტრომ სასამართლოც წააგო, მაგრამ მაინც არ ცვლის გადაწყვეტილებას", - აღნიშნა კუბლაშვილმა.

მისი თქმით, შრომის კოდექსი, იპოთეკარებისთვის მიცემული არარეალისტური დაპირებები და სხვა ინიციატივები ზღუდავს თავისუფალ ბაზარს და ეკონომიკა სწორედ ამიტომ ჩერდება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინის შეძენა-შენახვისთვის ქუთაისში 73 წლის კაცი დააკავეს

კომენტარები