საპარლამენტო დებატები

მელიქიშვილი: არჩევნების შემდეგ მთავრობას მოუწევს, ბიუჯეტის შემცირება მოითხოვოს

garbonline.tv

არჩევნების შემდეგ მთავრობა იძულებული იქნება შემოვიდეს საქართველოს პარლამენტში და მოითხოვოს ბიუჯეტის შემცირება მინიმუმ 400 მილიონი ლარით. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ მელიქიშვილმა ეკონომიკური საკითხების შესახებ პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

მელიქიშვილმა სხდომაზე წარმოადგინა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების შეფასებები, სადაც ისინი თვეების მანძილზე ამცირებდნენ საქართველოში ეკონომიკური ზრდის პროგნოზს. მელიქიშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა საგადასახადო შემოსავლების დინამიკაზე და აღნიშნა, რომ რადგან საქართველოში ეკონომიკაში არცთუ მცირე წილი აქვს უშუალოდ ბიუჯეტს და ბიუჯეტის შემოსავლებს, მნიშვნელოვანია ერთმანეთს შედარდეს 2012 წლის 9 თვის განმავლობაში ბიუჯეტის ფაქტიური შესრულება, 2013 წლის გეგმა და ამავე წელს თვეების მიხედვით ბიუჯეტის ფაქტიური შესრულება. "პირველად დაფიქსირდა, რომ 2013 წელს 9 თვის საგადასახადო შემოსავალი არის ნაკლები, ვიდრე შარშან. ეს მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ჩვენ შემოსავლები დაგეგმილი გვაქვს 600 მილიონი ლარით მეტი", - აღნიშნა მელიქიშვილმა. მისივე გათვლებით, თავდაპირველ გეგმასთან მიმართებით, დანაკლისმა შეადგინა 400 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო რამდენჯერმე შესწორებულ გეგმასთან მიმართებით, დანაკლისი 200 მილიონ ლარს აჭარბებს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრმა განსაკუთრებით გამოყო დღგ-დან მიღებული შემოსავლების კლების ტენდენცია. "ეს არის ერთ-ერთი მთავარი გადასახადი და შემოსავლების კლება ამ მიმართულებით არის სერიოზული დანაკლისი. დღგ-ის შემოსავალი უშუალოდ არის მიბმული სამუშაო ადგილებთან", - აღნიშნა მელიქიშვილმა. მისივე თქმით, ეკონომიკური მდგომარეობის მომხმარებელი თითოეული ჩვენგანია, ხოლო ძლიერი ეკონომიკა არის გზა ოსეთისკენ და აფხაზეთისკენ. 

კომენტარები