ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გამოძიება

სასამართლოში ჯიჰადის ვიდეოსთან დაკავშირებით პატიმრობის შეფარდებას ვერ ამოწმებენ

თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურში ტაბულას განუცხადეს, რომ ჯერჯერობით ვერ ახერხებენ გადამოწმებას, თუ ვის შეეფარდა წინასწარი პატიმრობა ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების გავრცელებისთვის, ან დაკავებულს ბრალი რა მუხლით აქვს წაყენებული.

სასამართლოს პრესსამსახურის განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს არ გაუვრცელებია არც ბრალდებულის ვინაობა და არც ის მუხლი, რომლის მიხედვითაც მას ბრალი წაეყენა, შესაბამისად ისინი ინფორმაციას ვერ გადაამოწმებენ და ეს მოხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც შსს დამატებით ინფორმაციას გაავრცელებს ფაქტის შესახებ.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით კი, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმეში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისივე განმარტებით, საქმე ერთი თვის გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდებოდა.დამატებითი დეტალებს შსს ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს გაასაჯაროვებს.

ნინო გიორგობიანმა ასევე აღნიშნა, რომ ვიდრე ე.წ ჯიჰადის ვიდეოებზე განცხადებას გააკეთებდა, სჯობდა, თავდაცვის მინისტრს ირაკლი ალასანიას ინფორმაცია კოლეგა მინისტრთან გადაემოწმებინა.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას, სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ შსს-მ ამ დრომდე ვერ გამოიძია ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეოების დამზადებისა და გავრცელების ამბავი. მისივე თქმით, ამ ამბის გამოძიება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ალასანიამ აღნიშნა, რომ თუ "პროგრესი არ იქნა მიღწეული გამოძიებაში, რომელსაც აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო", გამოძიებაში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთვება თავისი საერთაშორისო და სადაზვერვო რესურსით.

ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეოები Youtube-ზე 2013 წლის 6 ივნისს გავრცელდა. ვიდეორგოლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს ემუქრებოდნენ.

 

კომენტარები