წულუკიანის განცხადება ჯიჰადის ვიდოებზე

წულუკიანი: მე ვიცოდი, რომ შს სამინისტრო ”ჯიჰადის ვიდოებზე” გამოძიებას აწარმოებდა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, მან დანამდვილებით იცოდა, რომ ე.წ. ჯიჰადის სახელით გავრცელებულ ვიდეოებთან დაკავშირებით შს სამინისტრო გამოძიებას აწარმოებდა.

"მე დანამდვილებით ვიცოდი, რომ შს სამინისტრო გამოძიებას ძალიან ინტენსიურად აწარმოებდა. შედეგებს მეც ველოდები, როგორც ნებისმიერი მოქალაქე" - აღნიშნა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ ერთი თვის განმავლობაში საზოგადოებისთვის გამოძიების შედეგების დამალვის მართებულობის ის ვერ შეაფასებს და რომ ამასთან დაკავშირებით მისმა კოლეგებმა უნდა გააკეთონ კვალიფიციური კომენტარი.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გუშინ, ინგა გრიგოლიას გადაცემაში სტუმრობისას, სამწუხარო უწოდა იმ ფაქტს, რომ შსს-მ ამ დრომდე ვერ გამოიძია ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეოების დამზადებისა და გავრცელების ამბავი. მისივე თქმით, ამ ამბის გამოძიება დღის წესრიგიდან არ მოხსნილა. ალასანიამ აღნიშნა, რომ თუ "პროგრესი არ იქნა მიღწეული გამოძიებაში, რომელსაც აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო", გამოძიებაში თავდაცვის სამინისტრო ჩაერთვება თავისი საერთაშორისო და სადაზვერვო რესურსით.

შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით კი, ე.წ. ჯიჰადის ვიდეოების საქმეში ერთ-ერთ ეჭვმიტანილს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა. მისივე განმარტებით, საქმე ერთი თვის გახსნილია, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, არ ხმაურდებოდა.დამატებითი დეტალებს შსს ხუთშაბათს, 3 ოქტომბერს გაასაჯაროვებს.

ე.წ. ჯიჰადის მუქარის ვიდეოები Yოუტუბე-ზე 2013 წლის 6 ივნისს გავრცელდა. ვიდეორგოლებში ავღანეთის მისიაში მონაწილე ქართველ სამხედროებს ემუქრებოდნენ.

კომენტარები