ტაბულას ბრიფინგი

მედიისადმი პრემიერის სელექციური მიდგომის გამო, ტაბულა ბრიფინგს გამართავს

ტაბულა

ხვალ, 2 ოქტომბერს, 10:00-ზე, ტელევიზია ტაბულა პრემიერ ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგს გამართავს. ტელევიზიის წარმომადგენლები საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელის პრესსამსახურის მედიისადმი სელექციური მიდგომის შესახებ ისაუბრებენ. 

არაერთი მედიაკვლევა მოწმობს, რომ ტაბულა არასდროს არღვევს პროფესიულ სტანდარტს. ტელევიზია მიიჩნევს, რომ პრემიერის პრესსამსახურის ტაბულასადმი დამოკიდებულება - არ მიიწვიონ პრემიერთან შეხვედრებზე - მხოლოდ მედიასაშუალების განსხვავებული პოზიციით არის გამოწვეული.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 10 საათზე, პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი საკუთარ რეზიდენციაში ცენტრალური ტელეკომპანიების საინფორმაციო სამსახურის უფროსებს და პოლიტიკური გადაცემების წამყვანებს შეხვდება. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში მსგავსი ფორმატის შეხვედრა გაიმართება პრესის, საინფორმაციო სააგენტოებისა და რადიომაუწყებელთა წარმომადგენლებთან. ასევე შედგება ცალკე შეხვედრა რეგიონულ მედიასთან. ტელევიზია ტაბულა შეხვედრაზე არ მიუწვევიათ. 

ცნობისთვის, ტაბულა სიხშირით მაუწყებლობს თბილისში, გორში, ბათუმში, ქუთაისში, სენაკსა და საჩხერეში. ასევე, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ვრცელდება საკაბელო ოპერატორების მეშვეობით. უკვე ერთი კვირაა, ყოველ საღამოს, 10 საათზე, ტელევიზიის ეთერში გადის პოლიტიკური თოქშოუ ფოკუსი. ტაბულას საინფორმაციო გამოშვება გადის ყოველ საათში ერთხელ. 

კომენტარები