საპარლამენტო დებატები

წერეთელი: საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საფრთხეებს ქმნის

www.radiotavisupleba.ge

სხვა ქვეყნების ჯანდაცვის მოდელების გადმოტანა საქართველოში არ გამოვა. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიგი წერეთელმა ეკონომიკური საკითხების შესახებ პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

წერეთლის თქმით, ჯანდაცვასთან მიმართებაში მსოფლიოს ყველა ქვეყანას აქვს ერთნაირი სურვილი, ყველა მოიცვალ, თანაბრად და ხარისხიანად გადაანაწილოს მომსახურება, მაგრამ ამისთვის ყველა ქვეყანა არჩევს თავის მოქმედების გეგმას იმის მიხედვით, თუ რა რესურსები, რა ტრადიციები გააჩნია და როგორი ეკონომიკური მდგომარეობა აქვს.

"როცა ეკონომიკაში პრაქტიკულად ნულოვანი ზრდაა, ახალი სამუშაო ადგილები არ იქმნება, როცა ძალიან ცოტა ადამიანს შეაქვს იგივე სადაზღვევო შენატანები და ეს რაოდენობა მცირდება, ასეთ ვითარებაში უნივერსალური, საყოველთაო, კარგი, ხარისხიანი ჯანდაცვის შექმნა შეუძლებელია," - აღნიშნა წერეთელმა. მისივე თქმით, დაზღვევის სახელმწიფო ფონდის შექმნა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან ბაზარზე მას არ ეყოლება კონკურენტი. წერეთლის ინფორმაციით, მაგალითად, გერმანიაში, ჰოლანდიაში და სხვა ქვეყნებში ასეთი 200-ზე მეტი ფონდია, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უწევენ.

წერეთლის თქმით, ძველი სქემის მიხედვით, არასავალდებულო დაზღვევით 2.5 მილიონი ადამიანი იყო დაზღვეული უმოკლეს დროში. "მესმის, რომ არ იყო ალბათ არაჩვეულებრივი სისტემა, მაგრამ ეს იყო მზარდი, დინამიური სისტემა, რომელმაც სამართლიანობა გარკვეულწილად დაამყარა - ეს სამართლიანობა ნიშნავს იმას, რომ ვისაც უჭირს, მას აძლევდა სახელმწიფო თავის რესურსებს და სხვებს უნდა შესძლებოდათ თავიანთი შემოსავლებით შეესყიდათ სადაზღვევო პროდუქტი და თავიანთი რისკები ასე დაეზღვიათ," - განაცხადა წერეთელმა.

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელს მიაჩნია, რომ მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ის საფრთხეები, რასაც ბაზრიდან კერძო სადაზღვევო სისტემის განდევნა მოიტანს. მისი თქმით, დღეს ეს საყოველთაო გადანაწილება შეიძლება კარგი სურვილია, მაგრამ კონკრეტულ საფრთხეებს ქმნის, ასეთებია: გაძვირებული ჯანდაცვა, მომსახურების ხარისხის გაუარესება და ბევრი სხვა რამ, რაც ჯანდაცვის სპეციფიურ ბაზარს შეიძლება გაუჩნდეს. "აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ამ პროგრამაში საერთოდ არ არის მედიკამენტების ნაწილი - ეს ყველაფერი ძალიან ნეგატიურად აისახება ეკონომიკაზე," - აღნიშნა წერეთელმა. 

კომენტარები