საპარლამენტო დებატები

ჯაფარიძე საპარლამენტო უმრავლესობას: თქვენ ტყუვდებით, თუ ცდილობთ, ხალხი მოატყუოთ?

ზურაბ ჯაფარიძე
netgazeti.ge

საპარლამენტო უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე იმ ბრალდებებს და მიღწევებს გამოეხმაურა, რაც ეკონომიკური საკითხების შესახებ პარლამენტში გამართულ დებატებზე საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან გაისმა.

  • უკანასკნელ წლებში ხდებოდა ეკონომიკური ზრდის იმიტაცია: "ეს არა მხოლოდ არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს, არამედ ამით თქვენ ხელს უშლით ქვეყანაში ახალი ინვესტიციების შემოსვლას. სირცხვილია, რადგან საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი დევს არაერთი ავტორიტეტული ორგანიზაციის ვებგვერდზე და არ დევს მხოლოდ ჩვენი ფინანსთა სამინისტროს ან საქსტატის ვებგვერდებზე, ამიტომ როცა ამბობთ, რომ ეს არის იმიტაცია, ეს არის სასაცილო და ტყუილი".
  • ეკონომიკა იზრდებოდა პრივატიზაციის და ჯარიმების ხარჯზე: "სასაცილოა - ვინმეს გინახავთ რამდენი იყო პრივატიზაცია; გინახავთ რამდენი ჯარიმა შედიოდა ბიუჯეტში? მე არ ვამბობ, რომ ტყუილად არ ჯარიმდებოდა ვიღაც და დარღვევები არ იყო, მაგრამ მთელი შემოსავალი ამ ჯარიმებიდან თავის პატრულებიან-ბიზნესებიანად 100 მილიონი ლარი იყო - 8-მილიარდიან ბიუჯეტში ეს თანხა იყო გადამწყვეტი?"
  • კონკურენტუნარიანობის ინდექსში არ გვივარგა პოზიციები: "ვინმეს გინახავთ, საერთოდ როდის გამოჩნდა საქართველო ამ ინდექსში? საერთოდ, ინდექსი სიტყვა როდის გაიგეს საქართველოში? 2005 წელს პირველად დაგვაფიქსირეს აქ საქართველო. 2005 წლამდე საქართველოს, როგორც ქვეყანას, საერთოდ არ აღიქვამდნენ. ეს ინდექსი საქართველოს საერთოდ არ ითვლიდა. ეს იყო ნაციონალური მოძრაობის დამსახურება. პოზიციები დაახლოებით 30-ჯერ გაუმჯობესდა მას შემდეგ. ძალიან რთულია ამ ინდექსში პოზიციების გაუმჯობესება. დღესაც არ გვაქვს კარგი პოზიცია ნამდვილად, მაგრამ ბევრად უკეთესია, ვიდრე გვქონდა. კონკურენტუნარიანობის ინდექსში პოზიციები გავაუმჯობესეთო, რომ ამბობთ, ეს არის წინა წლის და კიდევ ორი წლის შედეგი. ჩვენი მუშაობის შედეგია".
  • სააკაშვილი ვიზიტების დროს ქვეყნის იმიჯს ლახავს: "მორიგი სისულელე, დღეს მოვისმინე. მე ვარ სააკაშვილთან ერთად ნამყოფი ალბათ 4-5 ვიზიტზე. ძირითადად იმით არის დაკავებული, რომ იმათ უხსნის, რომ აქედან რომ ჩანს, საქართველოში რა ქაოსიც არის, სინამდვილეში ეგრე არ არისო, პირიქით, ანუ ქართველი ხალხი ბევრად უფრო პრაგმატული და მოწესრიგებული, ევროპისკენ ორიენტირებულია და სინამდვილეში ისეთი პრობლემებიც არ არის, როგორც ჩანს და მალე ეგეც გამოსწორდებაო. მე არ მახსოვს, რომ სააკაშვილს სადმე ელაპარაკოს, რომ ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობაა და ფული არ ჩადოთ და გაიქეცით აქედანო".
  • ბოლო წლებში დაინგრა ყველაფერი და ფული მხოლოდ 25%-მა იშოვა: "ან ეს სტატისტიკა საიდან მოგაქვთ? 683 ათასი პენსიონერია. ყველაზე გაჭირვებული ფენა საქართველოში, რომელსაც 14 ლარი ჰქონდა პენსია და გაუხდა 150 ლარი. გამოდის თქვენი გამომსვლელი და ამბობს, 150 ლარი მივეცით პენსიაო. ეს ბიუჯეტი ხომ არსებობს. სადაც ნაციონალური მოძრაობის მიერ ჩადებული 150 ლარია გაწერილი. ის, რომ ამ პენსიის დარიგება დღეს ბიუჯეტს შეუძლია, არის იმ 9-წლიანი იმიტაციური ეკონომიკური ზრდის შედეგი".
  • ვალები დატოვა ნაციონალურმა მოძრაობამ: "ვალი ასე აღებული ზოგადად არაფერს ნიშნავს - ვალს ითვლიან მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში. ჩვენ როცა ჩავიბარეთ, იყო 47%. ჩვენ დავტოვეთ 31%. ევროპული სტანდარტული მაჩვენებლის ნახევარი. მაასტრიხტის ხელშეკრულებით, მშპ-ის 60% არის ნორმა. ჩვენ დავტოვეთ ამის ნახევარი. რა ვალებზე ლაპარაკობთ? თქვენი მართვის პირობებში, ბიუჯეტში უკვე ჩადებულია ის, რომ 400 მილიონით აპირებთ შიდა ვალის გაზრდას, იმიტომ რომ ფული არ გაქვთ".
  • ექსპორტ-იმპორტი: "სტატისტიკას შევხედოთ. იმპორტი სულ მცირდება. ექსპორტი ყოველ წელს იზრდებოდა, მაგრამ ზრდის ტემპს თუ შევხედავთ, 2013 წლის 8 თვე რომ ავიღოთ და წინა წლის იგივე პერიოდს შევადაროთ, 0.4%-ით არის შემცირებული. წინა თვეში კი გაიზარდა, მაგრამ ჯამში შემცირდა".
  • სოფლის მეურნეობა ახლი ხელისუფლების ყველაზე წარმატებული სფეროა: "ამ სფეროში გადახდილია ერთი ადამიანის 200 მილიონი, ამდენი ფული რაშიც არ უნდა გადაგვეხადა, შედეგები გვექნებოდა. თუ ასეთი წარმატებული იყო, ნახევარი სამინისტრო რისთვის დაიჭირეთ? გაქვთ გარანტია, რომ მომავალ წელსაც ივანიშვილი გადაიხდის 200 მილიონს სოფლის მეურნეობაში? და ყოველ წელს აპირებს ივანიშვილი 200 მილიონის დახარჯვას მიწის ხვნაში საქართველოში? ძალიან საეჭვოა".
  • თანადაფინანსების ფონდი: "ეს ხომ თავიდან ბოლომდე ტყუილია. რა 6 მილიარდ დოლარზე ლაპარაკობთ. ამით თქვენ ტყუვდებით, თუ თქვენ ცდილობთ, რომ ხალხი მოატყუოთ, მართლა არ მესმის. პრეზენტაცია, რომელიც აჩვენეთ, არის გილაურის გამზადებული პრეზენტაცია. სლაიდებიც კი არ არის შეცვლილი. ნანახი მაქვს, შემიძლია მოგცეთ ძველი ვერსია. ჩამატებულია 4 თუ 5 ადამიანის პორტრეტები და მათი ბიოგრაფია. სად არის, 6 მილიარდს ვინ დებს ასე? მოგვეცით ჩამონათვალი, სად არის ჩამონათვალი პროექტების, რაშიც დაიხარჯება 6 მილიარდი დოლარი და რამდენ ხანში დაიხარჯება, წელს, 3 წელიწადში, 5 წელიწადში".
  • საპარტნიორო ფონდი: "ეს იყო ნიკა გილაურის ინიციატივა. პრეზენტიაციაც კი არ შეუცვლიათ. მე ნანახი მაქვს, შემიძლია, ძველი ვერსია მოგცეთ. ახალში რამდენიმე პორტრეტი და ბიოგრაფიებია ჩამატებული მხოლოდ".
  • დევნილებისთვის 400 სახლი გარემონტდა: "დევნილებისთვის 30 ათასზე მეტი სახლი აშენდა. ეს 400 სახლიც თქვენ კი არ ააშენეთ, მხოლოდ გაარემონტეთ".
  • საწარმოები შენდება: "საწარმოების აშენების მაგალითად, პრეზენტაციაში გიგლა აგულაშვილს მოყავს ის, თუ როგორ შეიძინა ძროხები რამდენიმე გლეხმა. მათ ვულოცავ, მაგრამ პარლამენტის და მოსახლეობის წარმოდგენა საწარმოზე, როგორც ჩანს, რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან".
  • ეკონომიკა ინგრეოდა და ქართულმა ოცნებამ სულზე მიუსწრო: "საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები 2012 წელს ამბობდნენ, რომ ეკონომიკა გაიზრდება, მაღალ საკრედიტო რეიტინგს ანიჭებდნენ, ე.ი. ქვეყნის ეკონომიკის ნდობა ჰქონდათ. ყველა ამბობდა, რომ ეკონომიკური ზრდა 5-6% უნდა ყოფილიყო და თქვენ ეს ჩამოიყვანეთ 3%-მდე. ეს არის კატასტროფა".

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, იმ საკითხების დიდი წილი, რასაც საპარლამენტო უმრავლესობა ახალი ხელისუფლების წარმატებად წარმოაჩენს, ძველის დანატოვარია. უმცირესობის წევრი უმრავლესობას ურჩევს, არ მიიწეროს ძველის წარმატებები და საკუთარზე მას შემდეგ ისაუბროს, რაც მათ რეალურად მიაღწევს.

კომენტარები