ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

პრემიერი: მაქვს პრეტენზია, რომ ჟურნალისტები ხშირად ვერ ახერხებთ ჩაკითხვას

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2012 წლის 1-ლი ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მედიისთვის ძირეული გარდატეხა მოხდა. როგორც ივანიშვილმა ტელეჟურნალისტებს დღევანდელ შეხვედრაზე   უთხრა, მედია ჭეშმარიტად მეოთხე ხელისუფლებაა და მას დიდი ფუნქცია აქვს.

"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ თქვენ გქონოდათ იოლად ხელმისაწვდომი ინფორმაცია. მედიის თავისუფლების კუთხითაც, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა ძირეული გარდატეხა. დღეს ვერავინ იტყვის, რომ მედია ხელისუფლების მხრიდან განიცდის რაიმე ზეწოლას", - აღნიშნა პრემიერმა. მისივე თქმით, მედია განვითარებას საჭიროებს. 

"გადაცემების ხარისხი უნდა ამაღლდეს. მოსახლეობის 87%-ს ინფორმაცია მიეწოდება ტელევიზიების მეშვეობით და თქვენგან უნდა იყოს დიდი პასუხისმგებლობა. მოსახლეობას სჭირდება სწორი ანალიზი და ობიექტური ინფორმაცია. ამაში კი, ძალიან დიდი როლი გაქვთ ტელევიზიებს. მედია უნდა ასრულებდეს საზოგადოების დაკვეთას. ძირითადად, ამას ახერხებს, მაგრამ არის ბევრი კითხვა", - აცხადებს ივანიშვილი და აღნიშნავს, რომ ხშირად, რესპონდენტი საუბრობს ცალმხრივად, ხოლო "ჟურნალისტი ვერ ან არ ახერხებს ჩაკითხვას". მისივე თქმით, აქვს პრეტენზია და სურვილი, რომ ჟურნალისტებმა "ცალმხრივად მოსაუბრე რესპონდენტებს" დამატებითი კითხვები დაუსვან. 

"მე არ ვაპირებ რუსთავი 2-თან პოლემიკაში შესვლას. მე მაქვს კითხვები უფრო პოზიციურ ტელევიზიებთან, იმათთან, ვინც უფრო ჩვენს მხარდამჭერებად მოიაზრებიან", - დასძინა პრემიერმა. 

კომენტარები