ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ივანიშვილი: ჟურნალისტები ითხოვენ იმას, რაც 10-20 წლის შემდეგ უნდა იკითხონ

პრემიერ ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მედიას თავისუფლების მხრივ არ უნდა ჰქონდეს პრეტენზია. როგორც ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან და გადაცემების წამყვანებთან დღევანდელ შეხვედრაზე ივანიშვილმა თქვა, ჟურნალისტს ყველაფრის უფლება აქვს, მაგრამ მათ პოზიციაში მეტი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნობოდეს.

"ხშირად თქვენს გამონათქვამებში ისეთი მოთხოვნებია ახალი ხელისუფლების მისამართით, რომელიც შეიძლება მოვითხოვოთ 4 წლის შემდგომ. ახლა, 8-9 თვის შემდეგ ისეთ რამეებს ითხოვენ, რაც 10 ან 20 წლის შემდეგ უნდა იკითხონ. ჟურნალისტს უნდა ჰქონდეს მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩემი გადასვლა და არა წასვლა ამ მხრივაც დაეხმარება საზოგადოებას სწორი ანალიზის გაკეთებაში და მეტ პასუხისმგებლობას იგრძნობენ ჟურნალისტებიც. რაც, იმედია, გაზრდის პროფესიონალიზმსაც. ჟურნალისტებმა არგუმენტებით უნდა გაამყარონ თავიანთი კითხვები და მოთხოვნები. საკუთარი პასუხისმგებლობა იგრძნოს ყველამ. არავინ არ იფიქროს, რომ ეს მარტო ხელისუფლებას მოეთხოვება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ხშირად, ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამში დილეტანტობა და საკითხის არცოდნა იგრძნობა. მან დღევანდელ შეხვედრაზეც, ექსპერტებთან შეხვედრის მსგავსად, ციტატები წაიკითხა. ივანიშვილმა ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილისა და ირმა ინაშვილის გამონათქვამები მოიყვანა. 

"მე ვერ ვეთანხმები ალეკო ელისაშვილს. მისი მხრიდან იყო ასეთი გამონათქვამი - "არის თუ არა ივანიშვილის წასვლა გაქცევა?", "ივანიშვილის მთავრობა არ აძლევს ზურაბიშვილს არჩევნებში მონაწილეობის უფლებას", "ეკონომიკაში აურზაურია, შეიძლება ითქვას, რომ სტაგნაციაა". ირმა ინაშვილი არ მოსულა, მისი გამონათქვამებიც მინდოდა მომეყვანა, როდესაც ის ამბობს, რომ "კოჰაბიტაცია და ათასი სისულელე მოგვახვიეს თავს" და ა.შ. მე მინდა, რომ ეს გამონათქვამები გავაანალიზოთ, მაყურებელმაც მოისმინოს, რამდენად კორექტულია ეს. მე შემიძლია, ჩემებურად აგიხსნათ - ამას როგორ ვხედავ. გამარჯვებულები არ გარბიან. თქვენ თუ ფიქრობთ, რომ ვერ შევასრულეთ რამე, მეშინია და გავრბივარ, გავარჩიოთ და გავაანალიზოთ. საშიში მაშინ იყო, როცა მოვედი და თავი გავწირე. ამის ღირსეული შეფასება ვერ ვნახე ვერცერთი მხრიდან. ლამის მოღალატის როლში გამომიყვანეთ, გარბისო. თანმიმდევრულობის პრობლემაა. არც ის გაგიაზრებიათ, რა ვთქვი პოლიტიკაში მოსვლისთანავე. მე ვთქვი, რომ მალევე წავიდოდი პოლიტიკიდან. თქვენი და ძალიან ბევრი ჟურნალისტის გამონათქვამებში იგრძნობა დილეტანტობა, საკითხის არცოდნა, ეკონომიკის არცოდნა. ეკონომიკა არ არის ის სფერო, რომელიც ნებისმიერ ჟურნალისტს, რომელსაც შესატყვისი განათლება არ აქვს, შეუძლია გამოვიდეს და აკრიტიკოს. ეს არ არის ასე მარტივად. არ არის ისე, რომ მოხვიდე და ზედაპირულად ისაუბრო ეკონომიკაზე, თქვა, რომ სტაგნაციაა, თქვა, რომ დაპირებები არ სრულდება. შეურაცხმყოფელია პირდაპირ. ხშირად ვიხსენებ ჩემს ერთადერთ ინტერვიუს, რომელიც ვედომოსტს მივეცი. იმ ჟურნალისტმა ისე კარგად იცოდა ეკონომიკა, რომ მე - ეკონომიკის დოქტორს - შემეჯიბრებოდა. და ისე კარგად იცოდა ჩემი მოღვაწეობა, მე მახსენებდა", - აღნიშნა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, ტელევიზიები ახერხებენ ე.წ. ბალანსის დაცვას და მოჰყავთ რესპონდენტები ორივე მხრიდან, თუმცა, ძალიან ხშირად რესპონდენტების შერჩევა კითხვებს ბადებს.

"ერთი მხრიდან, არის მთავრობის წარმომადგენელი ან კოალიციის წევრი და მეორე მხრიდან, კეთდება დემაგოგიური განცხადებები. მაყურებელი ღებულობს გადაუმუშავებელ ინფორმაცის და რთულია გაერკვეს -  რა ხდება", - განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები