ივანიშვილის შეხვედრა ჟურნალისტებთან

ვახო სანაია პრემიერს: რომელია აქ თქვენი მხარდამჭერი ტელევიზია?

გადაცემა ღია ეთერის წამყვანმა ვახო სანაიამ პრემიერი ბიძინა ივანიშვილი მის გადაცემაში გამოყენებული ციტატების "კონტექსტიდან ამოგლეჯაში" დაადანაშაულა. როგორც სანაიამ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილს ტოკშოუებში დაფიქსირებული მოსაზრებებიდან ამონარიდები კონტექსტიდან ამოგლეჯილი მიაწოდეს.

"თქვენ მოიყვანეთ ჩემი გადაცემიდან ციტატა. თქვენ ყოველთვის ითხოვთ არგუმენტირებას. მე რომ თქვენი ვრცელი გამოსვლიდან რაღაც კონტექსტი ამოვგლიჯო და ასე მივაწოდო საზოგადოებას, რა რეაქცია გექნებათ? მე წავიყვანე ეს გადაცემა და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ის, რაც ახლა წაიკითხეთ, კონტექსტიდან არის ამოგლეჯილი. გადაცემაში არაერთხელ, არაორჯერ და არასამჯერ იყო ნათქვამი, რომ საოკუპაციო ხაზთან 2009 წლიდან დაიწყო მავთულხლართების გაბმა", - მიმართა სანაიამ ბიძინა ივანიშვილს.

პრემიერის თქმით კი, ის აღნიშნულს გადაამოწმებს და თუ სანაიას პრეტენზია დადასტურდება, ბოდიშს მოიხდის.

"მხოლოდ განცხადებების მოკლე ამონარიდები მაქვს წამოღებული, რის გამოც პოლემიკაში არ გამოგყვებით, მაგრამ ამას გადავამოწმებ და თუ ასეა, მე ბოდიშს მოგიხდით. ბოდიშის მოხდა არ მერიდება", - აღნიშნა პრემიერმა.

გარდა ამისა, ვახო სანაიამ ბიძინა ივანიშვილს განმარტება მის მიერ გამოყენებული ტერმინის - "მხარდამჭერი ტელევიზიები" - შესახებაც მოსთხოვა.

"თქვენ აღნიშნეთ, რომ არ ისაუბრებდით ბევრს რუსთავი 2-ზე და პასუხს მოსთხოვდით თქვენს მხარდამჭერ ტელევიზიებს. გარისკავთ და იტყვით, რომელია აქ თქვენი მხარდამჭერი ტელევიზია? მე თავს ასეთად არ ვთვლი", - მიმართა სანაიამ პრემიერს. ივანიშვილმა კი, არ გამორიცხა ამ გამონათქვამის გამოყენება და თქვა, რომ შესაძლოა, "ამ კუთხით ცდომილება დაეშვა". მისი თქმით, სიტყვა "მხარდამჭერში" არა მხარდაჭერა, არამედ ობიექტურობა იგულისხმა.

"მე წამოცდენას არ გამოვრიცხავ. მაგრამ მე ეს პოზიცია არ მაქვს, რომ მხარდამჭერი ტელევიზიები მყავს. ღმერთმა დამიფაროს. მე უფრო ობიექტურობაზე მაქვს ლაპარაკი და ობიექტურ ტელევიზიებშიც რომ არის ცდომილებები, ეს მოვიკითხე და მოვითხოვე. და ყველაზე მეტად მოვითხოვე იმ ტელევიზიისგან, რომელთანაც ყველაზე ახლო ურთიერთობა მაქვს ანუ კავკასიისგან. მე მხარდამჭერებად მეცხრე არხსაც კი არ მოვიაზრებდი", - აღნიშნა ივანიშვილმა.

ცნობისთვის, დღევანდელი შეხვედრის დაწყებისას, ივანიშვილმა ჟურნალისტები დილეტანტობაში დაადანაშაულა.

"მე არ ვაპირებ რუსთავი 2-თან პოლემიკაში შესვლას. მე მაქვს კითხვები უფრო პოზიციურ ტელევიზიებთან, იმათთან, ვინც უფრო ჩვენს მხარდამჭერებად მოიაზრებიან", - დასძინა პრემიერმა. 

კომენტარები